პრეზიდენტი: სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა გლობალური უსაფრთხოების დაცვისას, საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში

სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა გლობალური უსაფრთხოების დაცვისას, საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო ჩამოასვენეს.

პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრო.

“მის ოჯახს, თანამებრძოლებს, ქართულ შეიარაღებულ ძალებს, მთლიანად ჩვენს ხალხს ვუსამძიმრებ თავისი ვაჟკაცის დაღუპვას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო, უმცროსი სერჟანტი  მდინარი ბებიაშვილი  აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან საქართველოში ჩამოასვენეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

">