პრეზიდენტი: რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის

“არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავდა და რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში დაიღუპა, სულ რამდენიმე კვირის წინ. ეს კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია – რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის”, – ეს  განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს კონგრესის სპიკერთან პოლ რაიანთან, აშშ-ს კონგრესის უმრავლესობის ლიდერთან კონგრესმენ კევინ მაკკარტისთან და კონგრესმენ ტედ პოსთან შეხვედრისას გააკეთა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადება ისტორიული ანომალია და უსამართლობაა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,  საქართველო დაისაჯა გადაწყვეტილებისათვის გამხდარიყო დამოუკიდებელი – ამ სასჯელს ოკუპაციის ფორმა აქვს. მისივე თქმით, ქართველი ხალხი არ უღალატებს საკუთარ ნაციონალურ იდენტობას.

კონგრესმენებმა საქართველოს პრეზიდენტთან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და ნატოს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა.

ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 16 მარტს დასრულდება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გიორგი მარგველაშვილივიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება, ინტენსიური დიალოგის გაძლიერება და საქართველოს მხარდამჭერთა კონსოლიდაციაა.

">