პრეზიდენტი: მიმდინარეობს საინფორმაციო და პროპაგანდისტული ომი ნატოს და ზოგადად, დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს საინფორმაციო და პროპაგანდისტული ომი ნატოს და ზოგადად, დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენგან კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას და პასუხის გაცემას მოითხოვს.

“ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელშიც არა მარტო საქართველოა, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებიც. ჩვენ ყველა ვერთიანდებით იმ მიზნის ირგვლივ, რომ საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებულები გავხადოთ იმ სიმართლის, ჭეშმარიტების თაობაზე, რომელსაც ჩვენ ამ ღირებულებებით გაერთიანებული ქართველებიც და ნატოს ჩვენი პარტნიორებიც ვემსახურებით”, – განაცხადა  გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს დღეების გახსნაზე.

პრეზიდენტმა მიღებაზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მარგველაშვილის განცხადებით, ნატოს წევრობა ქართველი ხალხის ნათელი არჩევანია; ამ გზაზე საქართველოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა, შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყველა სტრუქტურა სრული მობილიზაციითა და მიზნის მნიშვნელობის სრული გააზრებით მუშაობს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ნატოსთან მიმართებაში საქართველოს პასუხისმგებლიანი პოზიცია  ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორებით და გადაწყვეტილებებით არაერთხელ დაფიქსირდა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მტკიცე მონაწილეობა ნატოს მშვიდობისმყოფელ მისიებში მნიშვნელოვნადაა დაფასებული ჩვენი პარტნიორების მიერ; ნათლადაა დაფიქსირებული საქართველოს მზაობა ჩაერთოს ნატოს ფორმატებში, სადაც საქართველოს როლი უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

“არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს წევრობის პარალელურად საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების დისკუსიებში ადეკვატურია და საქართველო მზად არის ამ თვალსაზრისითაც შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც უფრო სტაბილურ და დაცულ რეგიონს და სამყაროს მოგვცემს.

წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელია, ჩვენ ველით და ვემზადებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამიტისთვის და გვაქვს იმედი, რომ საქართველოს საკითხი იქნება შესაბამისად წარმოდგენილი. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიზნისათვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

წელს, ნატოს დღეები მეთერთმეტედ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

/</a></iframe>