პრეზიდენტი: ახლა, ეს დოკუმენტი გაეგზავნება „ქართულ ოცნებას“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შემუშავებული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც „ქართულ ოცნების“ მიერ წარდგენილ კონსტიტუციის პროექტში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. მისი თქმით, წარდგენილია მხოლოდ ისეთი ცვლილებები, რომლებზეც ყველა პოლიტიკურ პარტია თანხმდება.

„შედგა კონსენსუსი ძირითად თემებზე. დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით, რომლის თაობაზეც დიდი ხანია ინფორმირებულია საზოგადოება – საარჩევნო სისტემები, როგორც პარლამენტის, ასევე პრეზიდენტის. ჩვენ ასევე შევთანხმდით სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებზე, ჩვენ ასევე შევთანხმდით პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე, ჩვენ შევთანხმდით უსაფრთხოების საკითხებზე და უშიშროების საბჭოს თემაზე. ამ საკითხების ირგვლივ მოხდა სრული შეთანხმება. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაცა დათმო, მაგრამ შედგა თანხმობა.

ახლა, ეს დოკუმენტი გაეგზავნება „ქართულ ოცნებას“, ვენეციის კომისიას, იმ იმედით და იმ განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ ჩვენ უნდა შევძლოთ მისვლა თანხმობამდე. ყოველ შემთხვევაში, ის მითი, რომ საქართველოში ვერასდროს განსხვავებული შეხედულების ადამიანები ვერაფერზე თანხმდებიან – ნამდვილად დამსხვრეულია. სრულიად განსხვავებული შეხედულების პარტიები დგანან ერთად, გარკვეულ კონსტიტუციურ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული დოკუმენტი „ქართულ ოცნებას“ საკუთარ უკომპრომისო პოზიციებს დაათმობინებს.

">