პარლამენტმა ადამიანის კომპანიონ ცხოველების შესახებ საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაიწყო

პარლამენტმა ადამიანის კომპანიონ ცხოველების შესახებ საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ცხოველებისადმი სადისტური მოპყრობის ბოლო დროინდელმა შემთხვევებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა შესაბამისი  საკანონმდებლო ბაზის არსებობის საჭიროება.

მათი ცნობით, გასულ წელს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ცხოველთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების (“ცხოველთა უფლებების კომიტეტი”, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია “ჰუმანილი”, “სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება”, “ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი”.)  საკანონმდებლო წინადადება ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ ახალი კანონის პროექტისა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ.  კანონპროექტის ტერმინთა განმარტების მიხედვით, კომპანიონი ცხოველი არის ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად.

“საკანონმდებლო წინადადების მიზანია ადამიანის კომპანიონ ცხოველთა დაცვის გარანტიების შექმნა.  მსგავსი შინაარსის ინიციატივა დარეგისტრირებული იყო  ასევე წინა, მერვე მოწვევის პარლამენტშიც, თუმცა მისი განხილვა პირველი მოსმენით საკომიტეტო საკომიტეტო  განხილვის ეტაპზე გაჩერდა.

რას ითვალისწინებს საკანონმდებლო წინადადება?

  • განისაზღვრება კომპანიონ ცხოველთა სამართლებრივი სტატუსი, მათი მოვლა-პატრონობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პირობები, მათი მფლობელების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობისა და დაცვის უზრუნველყოფისთვის

  • დგინდება კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარში მოთავსების შესაძლებლობა და განისაზღვრება თავშესაფრებში საჭირო პირობების და თავშესაფრის მოწყობის სტანდარტი

  • სისხლის სამართლებრივად დასჯადი ხდება ცხოველთა მონაწილეობით ორთაბრძოლების მოწყობა, მათი რიტუალური მოკვლა, ექსპერიმენტები და ვეტერინარის დანიშნულების გარეშე ქირურგიულ ოპერაციების ჩატარება.

  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის ცვლილებები და  დგინდება ჯარიმები ცხოველთა ტრანსპორტირების წესის,  მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევისათვის და სხვა შემთხვევებზე

  • კომპანიონი ცხოველები დაექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას და ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრირებას,  შეიქმნება კომპანიონ ცხოველთა ერთიანი რეესტრი, ასევე განისაზღვრება მათი მოვლა-პატრონობის პირობები

  • ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებებით ფართოვდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება და ხდება მითითება კომპანიონ ცხოველთა პოპულაციის მართვა-კონტროლის ორგანიზებაზე

  • მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფრების შექმნას. ასევე განსაზღვრულია ცხოველთა თავშესაფრის მოწყობის სტანდარტები. იგი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ლაბორატორიით, ვეტერინარული და საკარანტინო და გასეირნებისათვის შესაბამისი სივრცეებით, ასევე განთავსების ვოლიერებით, ასევე განსაზღვრულია კონკრეტული მოთხოვნები ვოლიერებთან დაკავშირებით.

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ არსებული რეგულაცია

არსებული საკანონმდებლო რეგულირება არ განსაზღვრავს ადამიანის კომპანიონი ცხოველების ცნებასა და მათი უფლებების დაცვის თვალსაზრისით ერთიან სტანდარტებს.

სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს რეგულაციას, რომლის შესაბამისადაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე. ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი,იგივე ქმედება,   ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.

საერთაშორისო პრაქტიკა

ცხოველთა უფლებები, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, რეგულირდება როგორც ცალკე, სპეციალური კანონებით, ასევე ნაწილობრივ, სისხლის სამართლის კოდექსით. სპეციალური კანონები ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მოქმედებს ავსტრიაში, ბელგიაში, კვიპროსში, ხორვატიაში, სლოვენიაში და ა.შ.

მაგალითად, ავსტრიაში, პირს, რომელიც ტკივილს აყენებს, ძლიერი შიშის ქვეშ ამყოფებს ან კლავს ცხოველს, ეკისრება ჯარიმა 7 500 ევრომდე, ხოლო დანაშაულის განმეორების შემთვევაში – 15 000 ევრომდე. ბელგიაში, ცხოველის მიტოვებისთვის ან/და მის მიმართ ჩადენილი სისასტიკისთვის, გათვალსწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ თვემდე, ხოლო იგივე დანაშაული ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ისჯება 3 წლიანი პატიმრობით.

არსებულ შემთხვევებზე რეაგირება

2010 წლიდან 2017 წლის  10 თვის ჩათვლით, შსს-დან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე სულ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო  8 შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ განიხილა 5 საქმე. საქართველოს პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად კი, მითითებულ პერიოდში დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო “- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება  ცხოველთა დაცვის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

“მნიშვნელოვანია,  ეფექტური იყოს რეაგირება არსებული კანონდებლობის დარღვევაზე, ასევე გამკაცრდეს საკანონმდებლო ნორმა ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით და ზოგადად, შეიქმნას ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დაარეგულირებს ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს”- აცხადებენ ორგანიზაციაში.