პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვების დასმაში ხელი შეუშალეს, მათ შორის სალომე სამადაშვილი დარბაზიდან გააძევეს.
რამდენიმე კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ფარგლებში, თავდაცვის, იუსტიციის, შს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს არაერთხელ გააწყვეტინა კითხვა, რომლის შინაარსიც არ მოსწონდა. მათ შორის, ხატია დეკანოიძეს უთხრა, რომ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას აკეთებდა, როდესაც საქართველოსთან შედარებით უკრაინის და მოლდოვის წინსვლაზე საუბრობდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე გააწყვეტინა სიტყვა ანა ნაცვლიშვილსაც, ბოლოს კი „რუსულ კანონზე“ კითხვა არ დაასმევინა. თუმცა ანრი ოხანაშვილს შენიშვნა არ მიუცია უმრავლესობის დეპუტატებისთვის, რომლებიც ანა ნაცვლიშვილთან პოლემიკაში შედიოდნენ.
„გთხოვთ, დასვათ შინაარსობრივი, პროფილური შეკითხვები. სხდომის წაყვანა არ ნიშნავს მექანიკურად მიკროფონის ჩართვას“, — მიმართა ანრი ოხანაშვილმა ანა ნაცვლიშვილს.
დეპუტატს კითხვები ჰქონდა შოვის ტრაგედიის გამოძიებაზე, რუსეთის მოქალაქეებისადმი სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ნარკოპოლიტიკაზე, ასევე, ისაუბრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ რუსეთის ინტერესების გატარებაზე.
„ოკუპანტების ინტერესებს თუ ვინმე იცავს, ეს ხართ თქვენ. კი არ გავღიზიანდი, დეზინფორმაციას სჭირდება მხილება. თქვენ არ მოგეცემათ არასდროს იმის საშუალება, რომ აქ ტყუილები ისაუბროთ. დასვით შინაარსობრივი შეკითხვები. ეს არ არის პოლიტიკური სუბიექტების გამოსვლა ფრაქციის დროით და პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოსვლა“, — მიმართა ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს.
„ლელოს“ წევრი დაინტერესდა შს მინისტრობის ხედვით ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და რეაბილიტაციის პროგრამებზე. შემდეგ კი შენიშვნა მისცა ვახტანგ გომელაურს, რომ სასაცილო არ არის, როცა გარდაცვლილ ადამიანებზეა საუბარი.
ანრი ოხანაშვილი: „თქვენი გასაჩუმებელი აქ არავინ არ არის. დამშვიდდით. თქვენ კვეთთ ყოველ ჯერზე ყველანაირ კოლეგიალურ, ადამიანურ, მორალურ ზღვარს. ვინ გგონიათ თქვენი თავი, დამრიგებელი ხართ აქ ჩვენი? შეინარჩუნეთ კოლეგიალური და ადამიანური სახე. დასვით შეკითხვები ეთიკის და მორალის ჩარჩოში. შეურაცხყოფის მიყენების საშუალებას არ მოგცემთ“, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ანა ნაცვლიშვილი: „რომ დამიზუსტოთ პროცედურის ნაწილში, რეგლამენტში სად არის განმარტება , რა არის შინაარსობრივი შეკითხვა და რა არ არის. მუხლი რომ მითხრათ, შემდეგისთვის რომ ვიცოდე.“ ანრი ოხანაშვილი: „უბედურება იცით რაშია, ეთიკას და მორალს და სტანდარტს რომ რეგლამენტში ეძებთ“.
ანა ნაცვლიშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს ჰკითხა, 2007-09 წლებში გაეროში საქართველოს წარმომადგენლობაში მუშაობისას მაშინდელი ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას აჟღერებდა, თუ ქართული ოცნების დღევანდელ პოზიციას, რომელიც ომზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. ნაცვლიშვილმა ასევე სცადა კითხვის დასმა ირაკლი ჩიქოვანის მიერ რუსული კანონის მხარდაჭერაზე, რა დროსაც ანრი ოხანაშვილმა მიკროფონი გაუთიშა.
„ყოველგვარ საზღვარს ცდებით, იტყუებით. თქვენი შეკითხვა მოხსნილია. თქვენ აქ არ მოსულხართ შინაარსისთვის, მოსული ხართ კონკრეტული დავალდებით, რომელიც გამოხატავს არა ჩვენის საზოგადოების ინტერესებს, არამედ ცინიზმს და დეზინფორმაციას“, — თქვა ოხანაშვილმა და დაამატა, რომ ეს რუსული კანონი არ იყო და სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ შედეგის დადება.
ანრი ოხანაშვილმა კითხვა დაუწუნა პარტია „საქართველოსთვის“ წევრ ანა ბუჩუკურსაც.
„მინისტრობის კანდიდატს ეკითხებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილების გაფართოებაზე რას ფიქრობთო… დარწმუნებული ვარ, ბატონი ვახტანგი გაგცემთ ამომწურავ პასუხს, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ პარლამენტი წყვეტს ანტიკორუფციული ბიუროს ფორმირებას…უფლება მაქვს შევაფასო ის, რაც არასწორად თქვით“, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილმა მიკროფონი გაუთიშა დეპუტატ სალომე სამადაშვილსაც, რომელმაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ოლიგარქი უწოდა და უთხრა, რომ შეუძლია, ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარის სტატუსით მოიხსენიოს.
„მე თქვენ მოგიწოდებთ, ისაუბროთ კორექტულად, შეურაცხყოფის გარეშე კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში. თქვენი შეკითხვები მოხსნილია, ჩამოგერთვათ სიტყვა“, — თქვა ოხანაშვილმა.
მოგვიანებით სამადაშვილს კითხვის დასმის საშუალება ნაწილობრივ მიეცა, თუმცა ანრი ოხანაშვილსა და სალომე სამადაშვილს შორის კამათი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
„მე თქვენობით მოგმართავთ, შენობით მიმართეთ ვისაც მიმართავთ ხოლმე. ზრდილობას რომ ისწავლით, შემდეგ შეგიძლიათ შემოხვიდეთ“, — უთხრა ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილს, შემდეგ კი სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.