საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები სენატორ ჯო ვილსონს ღია წერს უგზავნიან. ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო ვილსონი აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის ინიციატორია.
წერილში ასახულია საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღების ფონზე განვითარებული მოვლენები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ აშშ-ის კონგრესი და სენატი ერთობლივად იმუშავებენ კანონის სწრაფად მისაღებად, რაც აშშ-ის მთავრობას მისცემს უფლებას, იმოქმედოს ქართველი ხალხის მჩაგვრელების წინააღმდეგ.
წერილის ავტორები აცხადებენ, რომ კონგრესის დელეგაციის ვიზიტები საქართველოში დიდ გავლენას მოახდენს “საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხის მხარდაჭერაზე და იქნება ძლიერი სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ხალხის ხმის ძალით გაჩუმება შეუძლებელია”.
ამასთან, წერილის ავტორები აშშ-ის კონგრესს მიმართავენ, “გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება, რადგან რისკები მაღალია და ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას”.
წერილს ხელს აწერენ:
· მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
· ევროოპტიმისტები – რომან გოცირიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
· ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის – ნიკა მაჭუტაძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
· საქართველოსთვის – ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
· თავისუფლება – ნატო ჩხეიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
· გირჩი – იაგო ხვიჩია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
· ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის – დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
· რეფორმების ჯგუფი – თეონა აქუბარდია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
· ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – თინა ბოკუჩავა, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე.
· დამოუკიდებელი დეპუტატები:
· არმაზ ახვლედიანი;
· დავით ბაქრაძე;
· თამარ ჩარკვიანი;
· თამარ კორძაია;
· სალომე სამადაშვილი;
· შალვა შავგულიძე.
· პარტია ახალი – ნიკა გვარამია, ნიკა მელია, თანათავმჯდომარეები;
· პარტია დროა – ელენე ხოშტარია, თავმჯდომარე;
· პარტია გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თავმჯდომარე;
· რესპუბლიკური პარტია – ხათუნა სამნიძე, თავმჯდომარე;
· სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე, თავმჯდომარე.
„ჰელსინკის კომისიამ“, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა „MEGOBARI აქტი”. ის მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ და მათი დარღვევისთვის სანქციებსაც ითვალისწინებს.
„აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად 60 დღე აქვთ.