ომბუდსმენი მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს

2017 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე სამინისტრომ ყოველმხრივ და ამომწურავად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რის შედეგადაც, მიღებული გადაწყვეტილება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია. სამინისტრომ სრულყოფილად არ შეაფასა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა გადასაწყვეტ საკითხთან. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში არ მიიღო ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა, თურქეთის ხელისუფლების მიერ გაცხადებული სიკვდილით დასჯის სავარაუდო აღდგენის საკითხი, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მიმართ ანტიტერორისტული კანონის გამოყენება, თავად აღნიშნული კანონმდებლობის ხარვეზები, სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული სირთულეები და ა. შ.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეს წარმოშობის ქვეყნის (მოცემულ შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის) შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უნდა შეუპირისპირდეს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სამინისტროსათვის მიწოდებული მონაცემები. საქმის მასალების შესწავლამ გამოავლინა, რომ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რის გამოც დღის წესრიგში დგება მისი ბათილობის საკითხი“, – წერია განცხადებაში.

">