ომბუდსმენის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე მესამე სექტორს შეხვდება

სახალხო დამცველის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დღეს არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს გამართავს. შეხვედრას საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები დაესწრებიან.

არასამთავრობო სექტორი პარლამენტს 4 კანდიდატს შესთავაზებს, ესენი არიან: ნინო ლომჯარია, ანა ნაცვლიშვილი, ზვიად ქორიძე, ვახუშტი მენაბდე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა არის გადაწყვეტილების ნაწილი, მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ომბუდსმენის თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატი აირჩევა.

„მმართველი გუნდი ისე არ იქცევა, რომ ჯერ მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ გამართოს ფორმალური შეხვედრები. დღევანდელი შეხვედრა არის გადაწყვეტილების ნაწილი, ჩვენ გვექნება დამატებით შიდა კონსულტაციები და დარწმუნებული ვარ, რომ ავარჩევთ საუკეთესო კანდიდატურას. როდესაც საქმე ეხება სახალხო დამცველის კანდიდატურას, პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, რომელსაც აქვს დემოკრატიაზე პრეტენზია, ირჩევს საუკეთესო პროფესიონალს, ობიექტურ ადამიანს, მე ვფიქრობ, რომ ასეთს აუცილებლად შევარჩევთ“,-განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენი 5 წლის ვადით ირჩევა, მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. დღეის მდგომარეობით, ომბუდსმენის მომავალ კანდიდატურებად პარლამენტში უფლებადამცველები სოფო ხორგუანისა და სოფო ჯაფარიძის კანდიდატურები სახელდება.

 

 

 

">