“ოთარ ჩხეიძე კი დგას ფეხმოუცვლელი, ნირშეუცვლელი და ელოდება”

ქართველ მწერალს, ლიტერატურათმცოდნეს ოთარ ჩხეიძეს დღეს 97 წელი შეუსრულდებოდა.

ოთარ ჩხეიძე ავტორია  რომანებისა:  „ტინისხიდი“, „ბურუსი“,  „ჯებირი“,  „მეჩეჩი“, „კვერნაქი“, „აღმართ-დაღმართი“,  „ლანდები“, „ბორიაყი“,  (რომანი საფუძვლად დაედო რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმს „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“); „ცხრაწყარო“,  „მთაგრეხილი“ და სხვა.

აი რას იგონებს მწერლის შესახებ მისი შვილი, ნატო ჩხეიძე:

“დღეს ოთარ ჩხეიძის დაბადების დღეა.
1920წლის 28 ნოემბერს არის დაბადებული.
2007 წლის 13 დეკემბერს გარდაიცვალა.
სანახავად რომ მივედი და საწოლთან ჩამოვუჯექი, მისი ხელი ჩემს ხელში მოვიქციე და ჩუმად ვართ.
გული გასკდომაზე მაქვს. ვერაფრით ვშველი. ორივე ხელით მიჭირავს მისი მიმქრალი მაჯა და შევყურებ, ვაკვირდები, ვიმახსოვრებ. 
წათვლემილ- მიყუჩებულია.
მერე ამბობს:
– მდინარის პირას ვდგავარ. ბევრი ხალხია. ქარონი მოდის თავის ნავით, ჩასხა ის ხალხი და მეუბნება: ამათ გადავიყვან და მოვბრუნდები. შენ პირველი ხარ.
ვდგავარ, ველოდები. ვიცი, მოვა…
ნაპირზე ხალხი ემატება.
– ბოლო ვინ არის?- კითხულიბენ.
– მე პირველი ვარ. – ვამბობ.
ხალხი კიდევ ემატება.
– ბოლო ვინ არის, ბოლო?- გაისმის წამდაუწუმ.
– მე პირველი ვარ. ვამბობ.
ვდგავარ ფეხმოუცვლელი. ვდგავარ ნირშეუცვლელი და ველიდები.
ვიცი, მოვა…
რა უცნაურია, მამიკო, ცხოვრება ისე გავლიე, რომ პირველი არსად არაფერში ვყოფილვარ და ახლა ქარონს ველოდები და პირველი ვარ. მე პირველი ვარ.

ამ ამბიდან კარგა ხნით ადრე, ჩემი მეგობარი ექიმი, თავისი საქმის დიდი პროფესიონალი დიმიტრი კორძაია, ლიტერატურა რომ ძლიერ უყვარს, მეტყვის:
– მამაშენი 1900 წელს არის დაბადებული, ხომ?
– არა, 1920 წელს- ვპასუხობ მე.
– – 20 ში როგორ იქნება? შენი აზრით ” ბურუსი” რამდენი წლისამ დაწერა? – გამომცდელად მეკითხება.
– ” ბურუსი”? – ვიხსენებ მე, – 55- ში დაიბებეჭდა და ალბათ 54- ში დაწერა.
– ეგ როგორ? მაშ რა გამოდის, რომ 34 წლისამ დაწერა?- გაკვირვებას ვერ ფარავს და არგუმენტს იშველიებს:
– – მე ახლა 38წლის ვარ და “ბურუსი” რომ წავიკითხე, გაოცებული დავრჩი, რამდენი რამე არ მცოდნია. არაა, 54 წლის მაინც იქნებოდა.
– ჰო, რა ვიცი, ბაირონი 36 წლის სულაც მოკვდა.
და ნოვალისი 28 წლისა გარდაიცვალა და ბრათაშვილი სულაც 27 ის..- ვამბობ მე.
– მაგ კუთხიდან თუ შევხედავთ, მაშინ კი- ამბობს ის.
– მაგ კუთხიდან უნდა შევხედოთ. ვამბობ მე.
– მაშიმ კი, მაშინ კი- საჩქაოდ მეთანხმება.

ასეა, გააჩნია ვის და რას რა კუთხიდან შევხედავთ…

ოთარ ჩხეიძე კი დგას ფეხმოუცვლელი, ნირშეუცვლელი და ელოდება.
იცის, მოვა…”