ნინო ლომჯარი: შემაკავებელი ორდერების გამოწერის ზრდის პარალელურად, არ ხდება საფრთხის სათანადოდ შეფასება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს 2018 წლის 13 აპრილს, თბილისში მომხდარი ქალის მკვლელობის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა ოჯახში ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი და ერთი შეხედვით პრობლემამ ჩაკეტილი სოციალური წრიდან საჯარო სფეროში გადაინაცვლა, კვლავ მაღალია ძალადობის სასტიკი ფორმების და მკვლელობების რიცხვი.

“2017 წელს მომხდარი ქალის მკვლელობის 26 შემთხვევიდან 14 ოჯახში ძალადობის პირობებში იყო ჩადენილი, ხოლო 15 მკვლელობის მცდელობის ფაქტიდან 12 ოჯახურ დანაშაულს უკავშირდებოდა.

სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებს დამცავი ღონისძიებების არაეფექტურობასა და პრევენციის ღონისძიებების გაძლიერების საჭიროებაზე. სამწუხაროდ, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოწერის ზრდის პარალელურად, არ ხდება საფრთხის სათანადოდ შეფასება და მსხვერპლთა მიმართ დაცვის ეფექტური ღონისძიებების გამოყენება. არასათანადოდ ხორციელდება დამცავი ღონისძიებების აღსრულების მონიტორინგიც, რაც უარყოფითად აისახება ძალადობის მსხვერპლ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესწავლისას სათანადო ყურადღება არ ექცევა ძალადობის ისტორიას, წარსულში მომხდარ ფაქტებსა თუ მსხვერპლის გამოცდილებას.

სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ცნობიერების ამაღლებასა და სოციალური მუშაკების რგოლის გაძლიერებაზე, რაც ოჯახში ძალადობის შემთხვევათა სპეციფიკის გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა. აღნიშნულ საკითხზე სერიოზული როლი ენიჭება საზოგადოების თითოეული წევრის აქტიურობას”- ნათქვამია განცხადებაშია.

ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებით, როდესაც ვსაუბროთ გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალთა მკვლელობებზე, ფემიციდზე, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებდეს ფემიციდის განმარტებას და სასჯელს, როგორც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის შემთხვევაში, რადგან ფემიციდი ეს არის მკვლელობა, რომელიც განპირობებულია დისკრიმინაციული მოტივით, ქალზე ძალაუფლების ქონის, მასზე მესაკუთრული დამოკიდებულების არსებობით, რაც განასხვავებს მას სხვა დანაშაულებისგან.

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავეს.

მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და დედის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა.

პოლიციაში შვილის მკვლელობის შესახებ შეტყობინება დედის მიმართ ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

/</a></iframe>