ნინია სადღობელაშვილი: განა მიზეზი – პოეზიის პოპულარიზაცია – ამართლებს საშუალებას?

საქართველო რომ პოეტების ქვეყანაა, ეს უდავო ჭეშმარიტებაა.

ჩვენში პოეზიას დიდი ტრადიცია აქვს, ისეთივე მრავალხმიანი და მრავალშრიანია, როგორც ქართული სიმღერა. მთაში ჯერაც შემორჩენილია კაფიას ელემენტები – ნებისმიერი ყოფითი მოვლენის საუცბათო გალექსების, პოეტური ექსპრომტების ტრადიცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ჩვენი ეროვნული/გენეტიკური კოდის ნაწილია – ფიქრობდე და მეტყველებდე პოეზიის ენაზე.

ამ „საღმრთო დარგზე“ (რუსთველს რომ დავესესხოთ), ცხადია, ინტერნეტმა დიდი გავლენა მოახდინა და ნებისმიერი ავტორისთვის, მკითხველი და მსმენელი საარაკოდ ხელმისაწვდომი გახადა.

გაჩნდნენ ახალი „იუთუბ-პოეტები“, შესაბამისად, „იუთუბ-მსმენელები“.

მათი სახელი ლეგიონია და შესაძლოა ეს ავტორები, თავიანთი მსმენელებიანად, ისე ამობრწყინდნენ და ჩაქრნენ ხოლმე ვირტუალური ზეცის კაბადონზე, რომ ლიტერატურული სივრცე ერთხელაც არ გადაკვეთონ.

თუმცა მათ მაინც შეძლეს გარკვეული განწყობის შექმნა და ამ დინებამ ვირტუალური სივრციდან სატელევიზიო მედიის სივრცეშიც გადაინაცვლა.

როგორც ჩანს, სატელევიზიო არხების პროდიუსერებმა მიიჩნიეს, რომ დღეს „მასა“ ამას უსმენს, ეს მოსწონს და უკვეთავს კიდეც. თანაც, რა არის ცუდი იმაში, თუ საზოგადოებას არა მკვლელობებსა და გაუპატიურებებზე, არამედ პოეზიაზე დაელაპარაკები?!

თავისთავად, ეს მშვენიერი ამოცანაა. ინფორმაციის ჭაობში ჩაძირული და გასასტიკებული დროის ადამიანისთვის (მაყურებლისთვის) პოეზია სწორედაც რომ დიდი შვება და სულის საზრდო უნდა იყოს.

მაგრამ როგორ ხდება მისი პოპულარიზაცია? ისევ ინტერნეტ-პოეზიის კონიუნქტურით და გემოვნებით ხომ არა?

თუკი იმ სატელევიზიო გადაცემებს გადავხედავთ, სადაც დღეს პოეზიის დეკლამაციას ეწევიან, მძიმე და სამწუხარო სურათი გადაიშლება…

გადაცემებში იწვევენ პროფესიონალ თუ დამწყებ მსახიობებს, ავტორებს, რომლებიც კითხულობენ თავიანთ თუ სხვათა (ცნობილი და უცნობი პოეტების) ლექსებს.

ზოგჯერ არათუ გადაცემას არ აქვს კონცეფცია, არამედ სრულიად გაუგებარია, რას ან როგორ კითხულობენ ესა თუ ის აქტორები; ამ ფონზე ის მსახიობებიც იჩრდილებიან ხოლმე, ვინც მართლაც მშვენივრად ასრულებს თავის ამოცანას და მსმენელამდე/მაყურებლამდე ზუსტი ემოციით მოაქვს სათქმელი.

ბოლო დროს, ამ მხრივ ყველაზე მეტად „იმედის“ გადაცემა „პრაიმშოუ“ აქტიურობს.

24 ივლისის გადაცემაში მოწვეულმა პროფესიონალმა მსახიობებმა წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები.

როგორც ზემოთ ვთქვი, რამდენიმე მართლაც არაჩვეულებრივად კითხულობს და მათი მოსმენა შთამბეჭდავია.

მაგრამ გადაცემის ერთ ეპიზოდში, წამყვანებმა მაყურებელს მოულოდნელი პროვოკაცია შესთავაზეს (როგორც თავად უწოდეს, „პრანკი“) – ახალგაზრდა მსახიობი აუდიტორიას დამწყებ პოეტ-დეკლამატორად გააცნეს, რომელმაც ჯერ იქ დამსწრე საზოგადოების ნაწილი გააკრიტიკა, შემდეგ კი, იმის საილუსტრაციოდ, რას ნიშნავს ნამდვილი ლექსი და მისი წაკითხვა, საკუთარი, ასევე პროვოკაციულად მდარე „ლექსი“ წაიკითხა; ზუსტად იმ მანერით, როგორც ზოგიერთი მსახიობი კითხულობს და მაყურებლის ნაწილი ამასაც აღფრთოვანებით უკრავს ტაშს.

დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა, ზოგმა ის საქმის გასარჩევად „გვერდზეც“ კი გაიხმო და ვიდრე ეს ყველაფერი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზრდებოდა, წამყვანებმა ამ დადგმული სცენის საიდუმლო გაამხილეს და მისი მთავარი გმირი – მხიარულთა და საზრიანთა კლუბის მსახიობი ვალალო კოპალეიშვილი გააცნეს, რომელმაც ამოცანას თავი ასე ოსტატურად გაართვა.

ამ ეპიზოდმა მნიშვნელოვანი ფაქტორიც გამოკვეთა – კრიტიკის (როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს ის გამოხატული) აბსოლუტური მიუღებლობა იმ პროფესიის ადამიანების მიერ, ვისთვისაც თამაშის ხელოვნება, პროვოკაცია, (თვით)ირონია და ავანტიურა ორგანული ნაწილი უნდა იყოს.

საბედნიეროდ, რამდენიმემ ეს ამბავი სრულიად ადეკვატურად მიიღო, თუმცა, მძიმედ საყურებელი იყო ის რეაქცია, რასაც, მგონი, თავად ახალგაზრდა „მანსანკანელიც“ არ ელოდა.

ეს ნამდვილად იყო იმის ერთგვარი ილუსტრაცია, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოების/სოციუმის ნებისმიერი ფენა კრიტიკაზე; რაც მუდმივად აჩენს ახალ ჩიხებს და კომპლექსებს, კიდევ უფრო აშორებს ერთმანეთისგან მედიას და საზოგადოებას, სპობს (თვით)კრიტიკის, განახლების, გემოვნების ამაღლების პერსპექტივას.

მომეჩვენა, რომ გადაცემის წამყვანებმა ამ ეპიზოდში ორაზროვანი მისია ჩადეს:

ერთი – გასართობი, ხელოვნური დაძაბულობის ეფექტით და მეორე – ერთგვარი თავის დაზღვევა იმ აუდიტორიის წინაშე, ვისთვისაც პოეზია ბევრად მეტია, ვიდრე ეს სატელევიზიო დეკლამაცია;

მომეჩვენა, რომ ამ ეპიზოდით წამყვანებმა ნახევარსიმართლეც კი ათქმევინეს იმ ახალგაზრდა მსახიობს, რომლის პერფორმანსმაც ჯამბაზისა და მეფის ისტორიული ურთიერთობა გამახსენა – ჯამბაზის „სისულელეზე“ ყველას ეცინება, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, ამ სისულელით სიმართლეს რომ ამბობს მეფის წინაშე…

მაშ, რატომღა არქმევენ ტვ-მედიები პოეზიის კითხვას იმას, რასაც, ხშირ შემთხვევაში, მაყურებელს სთავაზობენ?

განა მიზეზი – პოეზიის პოპულარიზაცია – ამართლებს საშუალებას?

ეს კითხვაც, როგორც ბევრი სხვა შეკითხვა, ჰაერში კიდია; ალბათ იქამდე, ვიდრე პრიორიტეტი ხარისხის ამაღლება არ გახდება, ან ასეთი გადაცემებით მაყურებელს პოეზიის მიმართ ინტერესი საბოლოოდ არ დაეკარგება.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთი განსაკუთრებული მანიაკური მიდრეკილებების მქონე მწამებლების ვიწრო ჯგუფს ჩაუგდო ხელში! – მეგრელ და სვან ხალხს ისეთი რამ აკადრეს, რაც საუკუნეების მანძილზე არცერთ მტერს არ გაუკეთებია