მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის გზის 134-კმ – 135კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, განხორციელდა ევაკუაცია

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ – 135კმ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„ხეობაში დამონტაჟებულმა წინასწარი შეტყობინების სისტემამ წარმატებით იმუშავა და მყინვარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადის თაობაზე ავტომატური განგაშის სიგნალი შესაბამის უწყებებს გადასცა.

შედეგად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია საავტომობილო გზის სახიფათო მონაკვეთიდან და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს.

ამჟამად, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ-135კმ მონაკვეთზე, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების, ასევე ფიზიკური პირების გადაადგილება შეჩერებულია.

სტიქიურ პროცესზე დაკვირვება გრძელდება, რაშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება-სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნული სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურები.

ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებიც ვითარებას ადგილზე შეისწავლიან. საავტომობილო გზაზე მოძრაობა სპეციალისტების დასკვნის შესაბამისად, რისკის შემცირების შემდეგ აღდგება“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

/</a></iframe>