“მსხვერპლი აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ დ.გ-ს მიმართ დაცვის ეფექტური ღონისძიებების გატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, სახალხო დამცველი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, გათვალისწინებულ იქნეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა, საფუძვლიანად იქნეს გაანალიზებული ის საფრთხეები, რაც შესაძლოა მსხვერპლს და მის ოჯახის წევრებს ემუქრებოდეს და უზრუნველყოფილ იქნეს დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების გატარება.

“საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვას საფუძვლად უდევს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პარტნიორებს ან ყოფილ პარტნიორებს შორის ძალადობა ფემიციდის მაღალი რისკის შემცველია. ამასთან, ქვეყანაში ფემიციდის მაღალი რაოდენობა კვლავ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მონიტორინგისა და რისკის შეფასების სისტემის არარსებობასთან არის დაკავშირებული. შედეგად, ხშირია ოჯახში ძალადობის შედეგად ქალთა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის და ჯანმრთელობის დაზიანების საქმეები, სადაც, სამართალდამცავი უწყება დანაშაულის ფაქტამდე ინფორმირებული იყო ოჯახში არსებული შესაძლო ძალადობის შესახებ, თუმცა მსხვერპლის დაცვა და დახმარება ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს მედიასაშუალებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავმა უწყებამ, ოჯახში ძალადობის ბრალდებით მოძალადე დააკავა, თუმცა ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მსხვერპლს აქვს ძალადობის განმეორების რეალური შიში და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამისი უწყებები ყველა ზომას მიიღებენ განმეორებითი ძალადობის პრევენციისთვის”- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

">