მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე თეა წულუკიანის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს

მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე თეა წულუკიანის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვლის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის საყვედურის წერილი ადმინისტრაციაშიც მიიღეს, სადაც თეა წულუკიანის საყვედურია გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დროს, პრეზიდენტი ხელს აღარ აწერს მისი უწყების მიერ გადაგზავნილ იმ მსურველთა სიებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ. აბაშიშვილის განცხადებთ, ადმინისტრაცია მუშობს საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების  პროცედურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მივიღეთ წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან, სადაც საუბარია, რომ ამ საჯაროობისკენ გადადგმული ნაბიჯებით საქართველოს პრეზიდენტი „უხეშად არღვევს კანონს“ და ამის შემდგომ იუსტიციის სამინისტროს სააგენტო „მოკლებული იქნება ყოველგვარ შესაძლებლობას, გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებებზე, რაც დაკავშირებულია მოქალაქეობის მინიჭებასთან“, საუბარია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება.

თავის მხრივ, დღეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამართულ ბრიფინგზე ეს ყველაფერი გააჟღერა და გადათარგმნა პრეზიდენტის პოლიტიკურ კრიტიკაში, როგორც წერილშიც ნათქვამია. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო,  რომ პრეზიდენტის 1-ელი სექტემბრის ინიციატივის თანახმად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების პროცესი აუცილებლად გახდება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და მასში აუცილებლად ჩაერთვებიან საზოგადოების წარმოამდგენლები“,-განაცხადა აბაშიშვილმა.