მომხმარებელი Altaokay-ს საგარანტიო პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

მომხმარებელი კომპანია Altaokay-ს საგარანტიო პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. გიორგი იველაშვილი მედიაჰოლდინგ „კლიპარტში“ მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს და კომპანიამ მისთვის Altaokay-ს მაღაზიაში Asus x541u მოდელის ნოუთბუქი შეიძინა, თუმცა, როგორც კომპანიის აიტი სპეციალისტი აცხადებს, კომპიუტერზე სისტემური ხარვეზი პირველივე დღეს აღმოაჩინეს.

„17-ში ვიყიდეთ ნოუთბუქი და ოფისში 20 ნოემბერს მოიტანეს. ნოუთბუქს სისტემური ხარვეზი ორშაბათსვე აღმოაჩნდა. კერძოდ, ოპერაციული სისტემის დაყენების დროს. მეორე დღეს ხარვეზი დროებით გამოსწორდა და ნოუთბუქმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა განაგრძო. იმავე დღეს, გარკვეული დროის შემდეგ, მისი ჩართვისას ისევ პრობლემა შეიქმნა. კერძოდ, ნოუთბუქი ვერ ახერხებდა მასში მოთავსებული ერთ-ერთი დეტალის – მყარი დისკის (ე.წ. ვინჩესტერის) აღქმას, რაც სერიოზული ხარვეზია. მის გარეშე ოპერაციული სისტემა ვერ ჩაირთვება.

რამდენიმესაათიანი პაუზის შემდეგ ხარვეზი თავისით გამოსწორდა. იმის შიშით, რომ ხარვეზი შეიძლებოდა განმეორებულიყო, თავის დაზღვევის მიზნით სერვისცენტრში მივიტანეთ. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ნივთის დასაბრუნებლად 5-დღიანი გარანტია გვქონდა. მეორე დღესვე დავაბრუნეთ და იგივე მოდელით შეცვლა ვითხოვეთ. „ალტაოკეიში“ გვითხრეს, რომ მოდელის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან „ტექპოინტში“ უნდა მივსულიყავით. „ტექპოინტში“ დიაგნოსტიკის ვადად 3-5 დღემდე მოითხოვეს. ამ ხუთი დღის განმავლობაში უნდა დავლოდებოდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვჭირდებოდა და საქმე გვიფუჭდებოდა, ნოუთბუქის გარეშე ვრჩებოდით. ოთხი დღე გავიდა უკვე და გვეუბნებიან, რომ ტექნიკას ხარვეზი არ აქვს, არც თანხას აბრუნებენ და არც სხვა აპარატით გვიცვლიან. ისევ იმ ნოუთბუქს გვიბრუნებენ. მომხმარებელი არის უძლური – ვერაფერს უმტკიცებს და შესაძლოა, ორ დღეში იგივე ხარვეზმა იგივე პრობლემა შექმნას“, – აცხადებს კომპანიის აიტი სპეციალისტი.

ნოუთბუქის მფლობელი გიორგი იველაშვილი აცხადებს, რომ თუ ნოუთბუქს მართლაც არ აქვს ხარვეზი, როგორც ამას „ტექპოინტში“ აცხადებენ, მაშინ პრობლემა არ უნდა იყოს მისი გამოცვლა.

„მე თვითონ მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელი ვარ და ვერ ვხდები ასეთ შეცდომას როგორ უშვებენ. არაპროფესიონალური მიდგომაა, რაც კომპანიის იმიჯს სერიოზულად აზარალებს. მითუმეტეს, რომ არ მგონია, პირველი მომხმარებელი ვიყო, ვინც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ახალი წელი მოდის და კომპანიაში იმიჯზე და გაყიდვების გაზრდაზე თუ ზრუნავენ, ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვან. სხვა ქვეყანაში სულ რომ არაფერი არ სჭირდეს ნივთს და მიიტანონ, იმიჯს იმდენად უფრთხილდებიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ მომხმარებელი უკმაყოფილო არ გაუშვან. იმ ფონზე, როდესაც კომპანია სოლიდურ თანხებს ხარჯავს სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში და მომხმარებელს ხარისხიან პროდუქტს და მომსახურეობას ჰპირდება, მაღაზიაში მისული მომხმარებელი რეალურად სხვა ფაქტის წინაშე დგება. 21-ე საუკუნეა და ძალიან მალე ვრცელდება ინფორმაცია. მით უმეტეს იცოდნენ, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მედიის სფეროსთან მქონდა კონტაქტი“, – აცხადებს გიორგი იველაშვილი.

მანვე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნოუთბუქი რომელსაც, „ტექპოინტის“ წარმომადგენლების მტკიცებით პრობლემები არ აქვს, კვლავ არ ირთვება.

 

მომხმარებელთა უფლებების საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს ყველა მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს: საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო, და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი; პროდუქციის უსაფრთხოება; სათანადო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ხარისხსა და ასორტიმენტზე; არასათანადო ხარისხის მქონე და ან მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აგრეთვე მისი ქონებისათვის საზიანო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება; საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსა და შესაბამისი რწმუნების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ; მომხმარებელთა კავშირებში და საზოგადობებში გაერთიანება.

[R]

">