მომავალ წელს სახელმწიფო უწყებებში მომუშავეთა რაოდენობის შემცირებაა გათვალისწინებული

2018 წელს სახელმწიფო უწყებებში მომუშავეთა რაოდენობის შემცირებაა გათვალისწინებული.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2017 წელს შრომის ანაზღაურების გაცემა ბიუჯეტიდან 116 757 ადამიანზე იყო გათვალისწინებული.

2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 113 479-ს შეადგენს. შესაბამისად, მომუშავეთა რაოდენობა 3278-ით მცირდება. თუმცა, ამ ფონზე შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული ხარჯი დაახლოებით 4 მილიონი ლარით იზრდება და 1,397 მილიარდ ლარს აღწევს.

205 თანამშრომლით ნაკლები მიიღებს ანაზღაურებას 2018 წელს პარლამენტში და მასთან არსებულ ორგანიზაციებში. მომუშავეთა რაოდენობა 2017 წელს 1331-ს, 2018 წელს კი 1126-ს შეადგენს. კერძოდ, საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ სტრუქტურებში მომუშავეთა რაოდენობა 170-ით მცირდება, საბიბლიოთეკო საქმიანობაში 35-ით. შრომის ანაზღაურებაზე ხარჯების 3,6 მილიონით შემცირების მიუხედავად, პარლამენტის დაფინანსება მომავალ წელს 2 მილიონით იზრდება და 62,131 მლნ ლარი ხდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 10-ით მცირდება და 150-ის ნაცვლად 140 ხდება. თუმცა, ეს შრომის ანაზღაურების მუხლზე გავლენას არ ახდენს (ამ კუთხით დაფინანსება კვლავ 4,692 მლნ ლარი იქნება).

38-ის ნაცვლად, 35 თანამშრომელია მითითებული ბიუჯეტის პროექტში ეროვნული უშიშროების საბჭოს მუხლში. ამ შემთხვევაშიც, შრომის ანაზღაურების ხარჯები უცვლელია (1,34 მლნ ლარი).

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში თანამშრომელთა რაოდენობა 31-ით მცირდება და 370-ის ნაცვლად 339 ხდება. შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხები კი დაახლოებით 200 ათასი ლარით იზრდება და 11,969 მლნ ლარი ხდება.

109 ნაცვლად, 73 ადამიანი იმუშავებს საკონსტიტუციო სასამართლოში. თუმცა, შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული ხარჯი უცვლელია და ამ კუთხით 2,762 მლნ ლარია გათვალისწინებული.

საერთო სასამართლოებში მომუშავეთა რაოდენობა 2018 წლის ბიუჯეტში 1658 არის მითითებული, რაც 305-ით ნაკლებია მიმდინარე წლის მაჩვენებელზე. შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა კი უცვლელია და 42,27 მლნ ლარს შეადგენს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მომუშავეთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 11-ით შემცირდება და 80-ის ნაცვლად 69 იქნება.

ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა რაოდენობა 4785-ის ნაცვლად 4770 ხდება. შრომის ანაზღაურებაზე ხარჯი კი კვლავ 54,365 მლნ ლარი იქნება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მომუშავეთა რაოდენობის შემცირება 15-ით არის გათვალისწინებული. 361 თანამშრომლის შრომის ანაზღაურება მომავალ წელს ჯამში 7,97 მლნ ლარი იქნება.

იუსტიციის სამინისტროში მომუშავეთა რაოდენობა 1665-დან 1602-მდე მცირდება, შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა კი უმნიშვნელოდ მცირდება და 32,295 მლნ ლარი ხდება.

სასჯელაღსრულების სამინისტროში მომუშავეთა რაოდენობა 4947-ის ნაცვლად 4470 ხდება, შრომის ანაზღაურების ხარჯები კი იზრდება და 65,335 მლნ ლარი ხდება.

თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა 42257-ის ნაცვლად 41992 ხდება. შრომის ანაზღაურების ხარჯები კი დაახლოებით 1 მილიონი ლარით იზრდება და 379,889 მლნ ლარი ხდება.

შემცირება გათვალისწინებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მომუშავეთა რაოდენობაშიც (29908-ის ნაცვლად 29766). შრომის ანაზღაურების ხარჯები კი დაახლოებით 6 მილიონი ლარით იზრდება და 390,8 მლნ ლარი ხდება.

განათლების სამინისტროში მომუშავეთა რაოდენობა დაახლოებით 300-ით მცირდება და 1366 ხდება. შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა მცირდება და 20,666 მლნ ლარი იქნება.

კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა 1214-ით მცირდება და 6762 ხდება. მცირდება შრომის ანაზღაურების ხარჯებიც და ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 56,44 მლნ ლარი იქნება.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა 285-ის ნაცვლად 259 იქნება. ამ ფონზე კი შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული ხარჯი 10 ათასით იზრდება და 4,343 მლნ ლარი ხდება.

ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა 41-ით, 3184-მდე მცირდება, თუმცა იზრდება შრომის ანაზღაურების ხარჯები და 30,331 მლნ ლარი ხდება.

ენერგეტიკის სამინისტროში მომუშავეთა რაოდენობა 144-დან 135-მდე მცირდება, შრომის ანაზღაურების ხარჯები კი უწყებაში 2,6 მლნ ლარამდე იზრდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომუშავეთა რაოდენობა 27-ით მცირდება და პროექტის მიხედვით 1377 იქნება. ამასთან, უმნიშვნელოდ იზრდება შრომის ანაზღაურების ხარჯი და 22,091 მლნ ლარი ხდება.

გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში მომუშავეთა რაოდენობა ერთით მცირდება და 1857 ხდება, შრომის ანაზღაურების ხარჯები კი ერთი მილიონით იზრდება და 19,73 მლნ ლარი ხდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მომუშავეთა რაოდენობა 349-ის ნაცვლად 346-ით განისაზღვრა, შრომის ანაზღაურების ხარჯი კი იზრდება და 4,215 მლნ ლარი ხდება.

თითო თანამშრომლის შემცირებაა გათვალისწინებული სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში. სხვა სახელმწიფო უწყებებში მომუშავეთა რაოდენობა არ იცვლება.

წყარო: 1tv.ge

">