“მოვუწოდებთ, პარლამენტის წევრებს, გულისყურით მოეკიდონ წამყვანი კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას”

მივესალმებით 2017 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო მაუწყებლების მწვავე კრიტიკის საგანი არაერთხელ გახდა.

“სხვადასხვა შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს, ასუსტებს მაუწყებელზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებს და არაკონკურენტულ გარემოს ქმნის სარეკლამო ბაზარზე.
მიუხედავად წამყვანი კომიტეტის არგუმენტირებული და სამართლიანი პოზიციისა, საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრთა განცხადებით, შესაძლოა კანონპროექტი განხილულ იქნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მოვუწოდებთ, პარლამენტის წევრებს, გულისყურით მოეკიდონ წამყვანი კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას, გაიზიარონ ის მნიშვნელოვანი შენიშვნები რაც არსებობს კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის, ისე არასამთავრობო ორგანზიაციების მნიშვნელოვანი ნაწილისა და კერძო მედიასაშუალებების მხრიდან”- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

/</a></iframe>