„მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, ახალი რევოლუციის ორგანიზების არანაირი სურვილი არ გამაჩნია“

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას რევოლუციის მოწყობა არ სურს. სააკაშვილის განცხადებით, კიევში ჩასვლის შემდეგ ის მოსახლეობის მოთხოვნებს უმაღლეს რადასა და პრეზიდენტს წარუდგენს.

„უკრაინის ხელისუფლებას ჩემი უკრაინაში შემოშვება იმის გამო არ უნდოდა, რომ მათი ქურდობისთვის ხელი არ შემეშალა, არც კი მესაუბრა კორუფციაზე, ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანაში 100-ზე მეტი რეფორმა ჩაატარეს, სინამდვილეში ეს მხოლოდ რეფორმების იმიტაციაა.

მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, ახალი რევოლუციის ორგანიზების არანაირი სურვილი არ გამაჩნია, მაგრამ ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, მიიღოს კანონი პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და დეპუტატების იმუნიტეტის გაუქმების შესახებ. შექმნას ანტიკორუფციული სასამართლო, უნდა გადაწყდეს რეფორმების საკითხი, ამ მოთხოვნებს ჩვენ კიევში ჩასვლისთანავე გავაცნობთ უმაღლეს რადას და პრეზიდენტს, თუ კი ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ მიიღებს, ჩვენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოვითხოვთ. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და საუკეთესო გამოსავალი არჩევნებია“,-განაცხადა სააკაშვილმა.

">