მიტროპოლიტი თეოდორე: ვალეში კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე  (ჭუაძე) ვალეში  ხატებისა და წიგნების  დაწვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მიტროპოლიტის განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარი ან შეგნებული პროვოკაციაა, ან ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის ნახელავი.

“ა.წ. 12 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალეში მცირე სალოცავთან კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია, რასაც გამოძიებამ პასუხი აუცილებლად დროულად უნდა გასცეს.

არ არის გამორიცხული, რომ დამწვარ ხატებსა და წიგნებს შორის მართლმადიდებლურიც იყო, რადგან ეს ისეთი ადგილია, სადაც მსახურება არ აღევლინება და აქ სანთლის დასანთებად მართლმადიდებლებიც დადიან.

მომხდარი ან შეგნებული პროვოკაციაა, ან ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის ნახელავი”- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, საქართველოს საპატრიარქო გულისტკივილით აღნიშნავს, რომ უკვე არაერთი ფაქტია დაფიქსირებული სიწმინდეების შეურაცხყოფისა და ვალეს სალოცავში მომხდარიც ამის ერთერთი გამოვლინებაა.

“ვფიქრობთ, ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მართებს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფამ მძიმე შედეგებამდე არ მიგვიყვანოს”- ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომაც გაავრცელა.

“გამოვხატავ, აგრეთვე, მთელი ეკლესიის მწუხარებასა და აღშფოთებას ისეთი ფაქტის გამო, რომელზეც თვალის დახუჭვა არანაირად არ შეიძლება და რომელიც გულდასმით უნდა გამოიძიონ კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომლებსაც დაუყოვნებლივ ეცნობა მომხდარის შესახებ”- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ვალეში მდებარე ქრისტიანულ სალოცავში, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები მრავალი წელია ერთად ლოცულობენ,  უცნობმა პირებმა კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს. ინფორმაცია “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა.

ფაქტზე გამოძიება შსს-მ სს კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც რელიგიური გაერთიანების საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

">