„მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ტრაგედიები, რომელიც ერთ პერიოდში მოხდა“

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, იმის გამო, რომ სხდომის დაწყებამდე, მხოლოდ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა და სოფელ ოფშკვითში მომხდარი მკვლელობა არ უხსენებია. კვირიკაშვილის განცხადებით, სადაც არ უნდა მოხდეს მსგავსი ფაქტი, ეს არის ტრაგედია  და რეაგირება, რასაც სახელმწიფო მოახდენს, იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„მთავრობის სხდომის დაწყებისას ვისაუბრე ტრაგედიაზე, რომელიც თბილისში დატრიალდა, რომელმაც 2 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და პარალელურად არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც ასევე 17 წლის ახლგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მე მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები, რომელიც პრინციპში ერთ პერიოდში მოხდა. არ მინდა, რომ ამან გამოიწვიოს რაიმე უკმაყოფილება და გულისწყრომა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა, ამიტომ მინდა გავაკეთო განმარტება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, საქართველოში, სადაც არ უნდა მოხდეს ეს, ასეთი ტრაგედია, ჩვენთვის არის დიდი ტრაგედია და რეაგირებას, რომელსაც სახელმწიფო მოახდენს ასეთ ტრაგედიაზე, იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.