მე ვარ შენი ახალი თოვლის ბაბუა, “უშანკა ქუდით”…მე არ ვამბობ: „ჰო-ჰო-ჰო“, მაგრამ ვამბობ: „ოჰ-ოჰ-ოჰ“ | გაციმბირებული ნავალნის მიმართვა

მე ვარ შენი ახალი თოვლის ბაბუა. მაქვს ცხვრის ტყავის ქურთუკი, “უშანკა ქუდი”, მალე მაჩუქებენ თექის ჩექმებს… მართალია, ირმები არ არიან, მაგრამ არიან უზარმაზარი, ფუმფულა, ძალიან ლამაზი მწყემსი ძაღლები – გაციმბირებული ალექსი ნავალნი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და იმ პირობებს აღწერს, რომელშიც ამჟამად იმყოფება.
პუტინის ოპონენტი წერს, რომ 20 დღიანი დამღლელი მარშრუტის – ვლადიმირი – მოსკოვი – ჩელიაბინსკი – ეკატერინბურგი – კიროვი – ვორკუტა – ხარპი – ციხეში შაბათს საღამოს შეასახლეს
“ძალიან გამიკვირდა, როცა გუშინ საკნის კარები გაიღო შემდეგი სიტყვებით: „ადვოკატი გყავს“…. მე არ ვამბობ: „ჰო-ჰო-ჰო“, მაგრამ ვამბობ: „ოჰ-ოჰ-ოჰ“, როცა ფანჯრიდან ვიყურები, სადაც ჯერ ღამეა, მერე საღამოა, მერე ისევ ღამე…პოლარული ეგზოტიკის შესახებ ისტორიებით ჯერ ვერ გაგამხიარულებთ, რადგან კამერის გარდა არაფერი მინახავს. საკნის ფანჯრის გარეთ კი მხოლოდ ახლოს მდგარი ღობე ჩანს.” წერს ნავალნი და მხარდამჭერებს მადლობას უხდის და მომავალ დღესასწაულებს ულოცავს.
“რადგან თოვლის ბაბუა ვარ, ალბათ საჩუქრების საკითხი გაინტერესებთ. მაგრამ მე, ბოლოს და ბოლოს, განსაკუთრებული რეჟიმის თოვლის ბაბუა ვარ, ამიტომ საჩუქრებს მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც ძალიან ცუდად მოიქცა” – ნათქვამია ნავალნის მიმართვაში.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერის ადგილსამყოფელი, რომელსაც რუსულმა სასამართლომ თითქმის 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რამდენიმე კვირის მანძილზე უცნობი იყო. გუშინ, 25 დეკემბერს კი გაირკვა, რომ ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს.