მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 248-მდე გაიზარდა

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 248-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის პრეზიდენტის ენრიკე პენა ნიეტოს განცხადებით, სკოლის დანგრევის შედეგად დაიღუპა 20 ბავშვი და კიდევ 30 დაკარგულად ითვლება. საერთო ჯამში მეხიკოში რამდენიმე ათეული შენობა მთლიანად დაინგრა.

მიწისქვეშა ბიძგები ცენტრალურ მექსიკაში ადგილობრივი დროით 18:14 სთ-ზე (თბილისის დროით 22:14 სთ.) დაფიქსირდა. დედაქალაქის გარდა ძლიერად დაზარალდა რამდენიმე შტატი. 248 გარდაცვლილიდან 55 მორელოსის შტატიდანაა, ხოლო 39 პუებლას შტატიდან. მიწისძვრის ეპიცენტრი პუებლას შტატში დაფიქსირდა, მეხიკოდან 120 კმ-ის დაშორებით და 51 კმ სიღრმეში. 

მიწისძვრის შემდეგ, მეხიკოში ორ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო სატელეფონო ხაზები მწყობრიდან გამოვიდა. ქალაქის ხელისუფლებამ გარეთ გამოსულ ხალხს მოუწოდა თავი შეეკავებინათ სიგარეტის მოწევისგან, რადგან არაა გამორიცხული გაზის მილები მიწისძვრას დაეზიანებინა, რაც აფეთქების საშიშროებას შექმნიდა.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, შტატებში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და სამაშველო ოპერაციებში სამხედრო ძალებიც ჩაერთვებიან.

">