მერკელი, მაკრონი და მეი ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი არ ეთანხმებიან დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომ იერუსალიმი აღიარებული იქნას ისრაელის დედაქალაქად. როგორც გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი შტეფენ ზაიბერტი აცხადებს, გერმანიის მთავრობა ტრამპის პოზიციას არ იზიარებს.

„ფედერალური მთავრობა მხარ არ უჭერს ამ პოზიციას, რადგან იერუსალიმის სტატუსი უნდა განიხილებოდეს მხოლოდ „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილების ფარგლებში“, – წერს ზაიბერტი.

ტრამპის გადაწყვეტილებას საფრანგეთის პრეზიდენტიც აკრიტიკებს. მისი თქმით, აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა მანამდე მიღებულ რეზოლუციას.

„ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა და მას საფრანგეთი არ იზიარებს. ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუციას“, – ციტირებს მაკრონს Reuters-ი.

ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ ის არ ეთანხმება აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იერუსალიმი აღიაროს ისრაელის დედაქალაქად მანამდე, სანამ ამასთან დაკავშირებით დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონკრეტული შეთანხმება არ შედგება.

„აღნიშნული გადაწყვეტილება რეგიონში მშვიდობის პროცესს სარგებელს არ მოუტანს“, – აცხადებს მეი.