“ავღანეთში კატებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე ქალებს” — ამის შესახებ განცხადება მერილ სტრიპმა გაეროს გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გააკეთა. მიმართვისას მსახიობმა აღნიშნა, რომ ავღანელ ქალებს მხარდაჭერა სჭირდებათ და თალიბანის რეპრესიები უნდა შეწყდეს.
საპასუხოდ, თალიბანის წარმომადგენელმა თქვა, რომ ისინი “დიდ პატივს სცემენ” ქალებს და “არასოდეს შეადარებენ მათ კატებს”.
თალიბანმა ავღანეთში ახალი “ზნეობრივი კანონი” შემოიღო, სადაც ნათქვამია, რომ ქალებს საჯაროდ ხმის გაჟღერება ეკრძალებათ, ამასთან, მათ არ აქვთ უფლება შეხედონ მამაკაცს, რომელიც მათთან სისხლით ან ქორწინებით არ არის დაკავშირებული.
აღნიშნული ზომები იმ უამრავ შეზღუდვას ემატება, რომელიც თალიბანის რეჟიმმა ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ავღანელი ქალებისა და გოგოების მიმართ დააწესა.
სახლიდან გასვლისას ქალებმა მთლიანად უნდა დაიფარონ სახე და სხეული, მათ ეკრძალებათ სკოლებში, პარკებში, სპორტულ დარბაზებსა და სპორტულ კლუბებში სიარულიც.
“დღეს ქაბულში კატებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე ქალებს. კატას შეუძლია სახეზე მზის სხივი იგრძნოს, შეიძლება ციყვს დაედევნოს პარკში. დღეს ავღანეთში ციყვსაც უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე გოგოს, რადგან საზოგადოებრივი პარკები ქალებისა და გოგოებისთბის თალიბებმა დაკეტეს. ქაბულში ჩიტს შეუძლია საჯაროდ იმღეროს, მაგრამ გოგოს არა”, — განაცხადა მერილ სტრიპმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა, თქვა, რომ ავღანეთი “ვერასდროს დაიკავებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო რუკაზე, განათლებული და დასაქმებული ქალების გარეშე”.