მეზვრიშვილი: ამოვიღეთ ყველა იარაღი, რომელიც გოშხეთელიანის ცემაში ბრალდებულს გააჩნდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ამოღებულია ყველა იარაღი, რომელიც ძალადობის მსხვერპლის, დეა გოშხეთელიანის ყოფილ ქმარს გააჩნდა.

დეა გოშხეთელიანის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის საქმეზე, სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს. ჩვენ ამოვიღეთ ჩხრეკის შედეგად ყველა იარაღი, რომელიც ბრალდებულს გააჩნდა. გამოვეცით შემაკავებელი ორდერი, რითაც უზრუნველვყავით დაზარალებულის უსაფრთხოება. გამოვეცით მეორე შემაკავებელი ორდერი, რითაც ავუკრძალეთ ბრალდებულს იარაღის გამოყენება და ასევე შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ბრალდებულის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე.  როგორც მოგეხსენებათ, დაწყებულია მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. პროკურატურამ  პატიმრობის გამოყენების საკითხი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და ფაქტობრივად, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დღეს მოძალადე პატიმრობაშია.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი და სამომავლოდაც, თითოეულ ასეთ ძალადობის ფაქტზე ჩვენ ვიქნებით ისეთივე ეფექტიანები, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიყავით იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თითოეული დაზარალებულის, თითოეული მსხვერპლის უსაფრთხოება.“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებითძალადობასა და ცემაში ბრალდებულ გ.ბ-ს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება-საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით  პატიმრობით შეუცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ 2018 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე ქუთაისში, ალ.ხახანაშვილის ქ. N7-ში  მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფილ მეუღლეს  მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მათი არასრულწლოვანი შვილის და დაზარალებულის არასრულწლოვანი დის თანდასწრებით.

“კერძოდ, ხელი  დაარტყა სახის არეში და სცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.  მანვე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის მამას – დ.გ.-ს, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში.

სამართალდამცავებმა გ.ბ. 2018 წლის 3 იანვარს ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სსკ-ის  126′ მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა).
სისხლის სამართლის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 12 თებერვალს არის ჩანიშნული”- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.