მაღლაფერიძე: ტრაგიკულად ნუ დავხატავთ ვითარებას, რომ საარსებო წყაროს გართმევთ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

“დეტალურად ავუხსენით იმ გეგმების შესახებ, რომელიც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს და იმ კანონპროექტის არსი, რომელიც არის პარლამენტში შეტანილი და განიხილება, რომელსაც  ჩვენი ბევრი ოპონენტი ზოგი განზრახ და ზოგი, შეიძლება, უნებლიედ არასწორად განმარტავს ხოლმე.

ტრაგიკულად ნუ დავხატავთ, რომ საარსებო წყაროს გართმევთ და ასეთი ვითარებაა. პირიქით, მინდა იცოდეთ, რომ მედიაპლურალიზმი არის თითოეული მოქალაქის მონაპოვარი”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ.

“მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს კერძო მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

ცვლილებებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა – ნაცვლად 30 წუთისა იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა 12 წუთს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტიული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.
პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

">