მარგველაშვილმა კრინიცას ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პოლონეთში, კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო პანელის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და პოლონეთისა და მაკედონიის პრეზიდენტებთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილი არაფორმალურ ღია დისკუსიაში ჩაერთო, რომლის განხილვის მთავარი თემა ევროპის წინაშე არსებული პრობლემები, გამოწვევები და ევროკავშირის გაფართოების მომავალი იყო.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო – ევროკავშირის დაახლოების პროცესზე და ამ პროცესში ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე, ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკაზე, მისი გაფართოების მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რუსეთის როლზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში არსებული ტენდენცია, რომ რუსული აგრესია საქართველოში 2008 წელს დაიწყო, მაშინ როდესაც მან ფაქტობრივად მოახდინა სამხედრო ძალებით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არასწორია, რადგან რუსეთმა აგრესიული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ, იგივე, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჯერ კიდევ 90 – იან წლებში დაიწყო, როგორც კი საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა და ნათლად გამოხატა მის ისტორიულ ოჯახში – ევროპაში დაბრუნების მისწრაფება რუსეთმა საქართველოს დასჯა გადაწყვიტა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეს გადაწყვეტილებები სწრაფად იქნეს მიღებული. ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა ქართულ-პოლონური პარტნიორობის მიმოხილვას განსაკუთრებული დრო დაუთმო და აღნიშნა, რომ პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთისა ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ევროინტეგრაცის მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია. საქართველოსათვის ევროპული ინტეგრაცია ისტორიულ მიზანს წარმოადგენს, რადგან საქართველო საკუთარ თავს ევროპაში ხედავს, როგორც კულტურული ასევე პოლიტიკური მიმართულებითაც. ქართული საზოგადოებისათვის ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვანია რეფორმების მიმდინარეობის პროცესში.

">