მარგველაშვილი: ეს არის მესიჯი, რომ ნახეთ, როგორი გაბედულები ვართ, ჩვენ შეგვიძლია, პრეზიდენტს დავემუქროთ

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების უფლების შესახებ “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა.

„შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ვინმე ეუბნება, რომ ისინი არიან უდანაშაულოები, შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ ვინე ამბობს, რომ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. შეწყალება არის ჰუმანური აქტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ძალიან გამორჩეული და პატივცემული წევრები ჩვენი საზოგადოებისა, რომელთა რჩევასაც მე ვენდობი, ეს ადამიანები ამბობენ, რომ მოდი, ამა თუ იმ მიზეზით მივცეთ რაიმე ტიპის შანსი”- განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც მის მიერ შეწყალებულ პირთა საქმეები განიხილეს.

“არაერთხელ ყოფილა არაერთი მცდელობა, რომ მე დავჯდე  ეთერში და განვიხილო ხოლმე რომელიმე კონკრეტული საქმე როგორც დაზარალებულის, ასევე კრიმინალის კუთხით. ამ სიბინძურეში არასდროს მიმიღია მონაწილეობა ძალიან სერიოზული ზეწოლის და წნეხის შემთხვევაშიც. ამორალურად მიმაჩნია კონკრეტული საქმეები ვარჩიოთ პირდაპირ ეთერში და ამას ვერავინ მაიძულებს დავჯდე და დავიწყო მოყოლა იმ ტრაგედიების, რომელსაც ვისმენ. ტრაგედიები ორივე მხარეს არის ხოლმე, დაზარალებულის მხარესაც და კრიმინალის მხარესაც. სიუჟეტი მოწოდებული იყო, რომ შეიწყალეს და ქუჩაში დადიან თურმე კრიმინალები. ლაპარაკი იყო 15-წლიან, 20-წლიან მუხლებზე, სადაც წელიწად-ნახევარი ან რამდენიმე თვე მოაკლდა. შეუმცირდათ სასჯელი. ყველა საქმე, რომელიც იყო ნახსენები, იყო კომისიის რეკომენდაციით. იქ სხედან ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ჰუმანურობიდან გამომდინარე.

“ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო საარჩევნო კამპანია, დაიწყო საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და „ქართულმა ოცნებამ“ ამ სიუჟეტით, კიდევ რამდენიმე სხვა სიუჟეტით, ამ კომენტარებით გვაჩვენა, პირველი, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავთ და მათი მესიჯი არის პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარი და ასეთი სახის იქნება საარჩევნო კამპანია.

მე არა მგონია, რომ ეს სიუჟეტები და ეს კამპანია ჩემს შესაშინებლად არის. ეს არის მესიჯი, რომ ნახეთ, როგორი გაბედულები ვართ, ჩვენ შეგვიძლია, პრეზიდენტს დავემუქროთ. მაგრები ვართ. ეს მეთოდია, მეტი არაფერი” – განაცხადა პრეზიდენტმა.

">