ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურის ოჯახი ხელისუფლებას მიმართავს

55 წლის ბათუმელი მეზღვაურის სოსლან კაკაბაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ბრალდებულისთვის, რომელიც უკვე მესამე წელია, ლიბიის ციხეში იმყოფება, დღემდე უცნობია მისი დაკავების მიზეზი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი, რომელშიც საქართველოს ერთადერთი მოქალაქე იყო, ლიბიაში დააკავეს.

მეზღვაურის მეუღლის განცხადებით, პატიმარი ციხეში უმძიმეს პირობებშია. 10 დღის წინ მათ მოახერხეს ტელეფონით დაკავშირება, თუმცა მხოლოდ იმის გაგება შეძლეს, რომ პატიმარი ცოცხალია.

„მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაპირველად დაგვპირდნენ, დაგეხმარებით, რაღაცაში ჩავერევითო, მაგრამ დრო გადის და არაფერი. გვითხრეს, რომ ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ აგვიყვანა ადვოკატი, მეუბნებიან, რომ ფულს უხდიან იმ ადვოკატს, მაგრამ სასამართლო არ იმართება. ყოველ თვეში გვეუბნებიან, რომ პროცესი გადაიდო. სასამართლო თუ გაიმართა, ჩემი მეუღლე გამართლდება და გამოუშვებენ, გათავისუფლების შემთხვევაში შემდეგ პროცედურებში დახმარებას ლიბიაში უნგრეთის ელჩი გვპირდება“ – ამბობს სოსლან კაკაბაძის მეუღლე დონარა გოგიტიძე.

დაკავებული მეზღვაურის ძმა ამირან კაკაბაძე, რომელიც ასევე შორეული ნაოსნობის კაპიტანია, ამბობს, რომ ბოლო დროს კავშირზე გასვლას მხოლოდ საერთაშორისო პროფკავშირების დახმარებით ახერხებს.

">