ლაშა ტალახაძემ ქართული სპორტის ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მისი მორიგი ტრიუმფის შემდეგ ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ და ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა ისაუბრეს.
გიორგი ასანიძე: “ჩემი გულიდან მოდის ის სიხარული, რომელიც ლაშამ ამისრულა. ბევრი წლის წინ დავგეგმეთ, რომ 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, მისია ამ ეტაპზე შესრულებულია. მადლობა, გულშემატკივარს, მის ოჯახს, ჩემს ფედერაციას, სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს და მთელ საქართველოს, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, დღეს ხალხი უფრო გახარებულია, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე, რადგან ისტორია დაწერა, მძიმე წონაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არავინ ყოფილა. მართალია, გვყავს 3-გზის ოლიმპიური – ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელი და სხვებიც არიან, მაგრამ მძიმე წონას მაინც სხვა ფასი აქვს. ვგეგმავდით ამ შედეგს და უფრო მეტსაც, მაგრამ ბოლო მისვლა მოვხსენი, აღარ იყო საჭირო დამატებითი რისკები. კონკურენცია ძალიან მაღალი იყო, სხვადასხვა კომპონენტი იყო, რომელიც შეიძლებოდა ხელისშემშმელი ფაქტორი ყოფილიყო, ნერვიულობაც მათ შორის, თუმცა, სიმშვიდე შეინარჩუნა თავიდან ბოლომდე, ცივი გონებით და თბილი გულით ვიყავით”, – აღნიშნა ასანიძემ.
კახი კახიაშვილი: “დღე დავაგვირგვინეთ ჰიმნით, როგორც ვიყავით შეპირებული. ლაშა ცოტა ვერ იყო ჩვეულ ფორმაში, ეს რომ არა, შეიძლება რეკორდიც დაემყარებინა. თუმცა, ეს არის ძალიან დიდი შედეგი, შემოვიდა 3-გზის ოლიმპიურ ჩემპიონთა კლუბში და არ მინდა ამით დავკმაყოფილდეთ. წინ გვაქვს ევროპის ჩემპიონატი 2026 წელს, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოში გაიმართება და ჩემი აზრით, ზუსტად იქ, ლაშა მწვრთნელებთან ერთად ალბათ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა მოხდეს 500 კილოგრამის შესრულება, ეს 500 კილოგრამის რეკორდი უნდა შედგეს საქართველოში. შემდეგ უკვე ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშები, მეოთხე. ზუსტად ამისთვისაა ფედერაცია, რომ ჩვენი სპორტსმენები ჩვენზე უკეთესები იყვნენ. მაქსიმუმს გავაკეთებთ, პირადაც მე, რომ ლაშას სახით საქართველოს ჰყავდეს 4-გზის ოლიმპიური ჩემპიონი”.
წყარო