კულტურის ხმა “აგენტების კანონის” წინააღმდეგ – დედაენის ბარში შეხვედრა გაიმართა

14 აპრილს თბილისში, დედაენის ბარში კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანების შეხვედრა გაიმართა ყოფილი სახალხო დამცველის ორგანიზაციის, “საქართველოს ევროპული ორბიტის” ინიციატივით. შეხვედრის მიზანი “რუსულ კანონად” წოდებული “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მობილიზაცია იყო – საქართველოს პარლამენტი ამ კანონის განხილვას, რომელიც 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციების ფონზე გაიწვიეს, 15 აპრილს იწყებს. ამავე დღეს მოქალაქეები საპროტესტო აქციას გეგმავენ საკანონმდებლო ორგანოსთან.
“დღევანდელ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვდგავართ გზის გასაყარზე, ან ავირჩევთ მომავალს ევროპასთან ერთად, ღირსებით ცხოვრებას, თანასწორობას, ურთიერთდახმარებას, საბოლოოდ შეიძლება ითქვას ბედნიერებას, ან წავალთ ისევ საბჭოთა წარსულში, სადაც იყო გაუტანლობა, ერთმანეთის სიძულვილი და ასე შემდეგ, რაც მთავარია ადამიანი, როგორც პიროვნება საერთოდ არ არსებობდა. იყო ერთი დიდი ხელისუფლება ძალმომრეობაზე დამყარებული და ის ანადგურებდა ადამიანს და პიროვნებას და დღეს კიდევ ერთხელ ამის წინაშე აღმოვჩნდით. ეს კანონი კიდევ ერთი ნაბიჯია უკან წასასვლელად და არ გვინდა უკან წასვლა, გვინდა მომავალი. Მომავალი არის ჩვენი გზა ევროპისკენ” – უთხრა რადიო თავისუფლებას შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, რეჟისორმა, ყოფილმა დიპლომატმა, მ.
„ხვალ, ამ კანონპროექტის განხილვის დაწყებით, საქართველოს პარლამენტი იწყებს ევროკავშირზე უარის თქმის კანონპროექტის ინიცირებას. ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმის კანონია ის კანონპროექტი, რომელსაც ხვალ პარლამენტი განიხილავს. თითოეული მოქალაქის მოვალეობაა ევროპული მომავლის და ამ ქვეყნის დაცვა. ხვალ უყრიან კენჭს კომიტეტზე უნდა გახდეს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მტერი, ვისაც ევროკავშირთან ურთიერთობა აქვს, უნდა გახდეს თუ არა ამ ქვეყნის მტერი და აგენტი“,- უთხრა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის დამსწრეებს.
“[2023 წლის მარტის აქციების შემდეგ] ჩვენი ევროპელი მეგობრები გვეუბნებოდნენ, რომ ყველაზე დიდი რეფორმა, რომელიც საქართველომ ჩაატარა, იყო ნანა მალაშხიას დროშა, რომელიც ფრიალებდა წყლის ჭავლის წინ, საქართველოს პარლამენტთან შარშან” – ეს “დემოკრატიის მცველების” ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძეა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს შეახსენა, რომ “აგენტების კანონის” მსგავსი კანონები მხოლოდ დამარცხებულ საზოგადოებაში მოქმედებებს და ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა რეალურად არის ბრძოლა საზოგადოების განვითარებისთვის. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ამ კანონის განხილვის მეორედ დაბრუნებისას დაახლოებით იმის მსგავსი ილუზია ჰქონდა, რაც რუსეთს, როცა კიევზე თავდასხმას ამზადებდა და ვარაუდობდა, რომ უკრაინის დედაქალაქს სამ დღეში აიღებდა.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“. ამ კანონის პარალელურად საქართველოს პარლამენტი ასევე აპირებს მიიღოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ” ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით.

ასევე დაგაინტერესებთ