კულტურის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე – საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია

კულტურა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მინიმუმ 0.56%-ს შეადგენს, რაც საქართველოში სამუშაო ძალის 5%-ს უდრის. აღნიშნული მონაცემები პროექტის – „კულტურის ინდიკატორები განვითარებისთვის“ – ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა. კვლევის ერთერთი მიზანი სწორედ, ეკონომიკურ ზრდაზე კულტურული და შემოქმედებითი აქტივობების გავლენის ჩვენებაა.

პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის „კულტურისა და კრეატიულობის“ პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს. მისი პირველი ეტაპის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში გაიმართა.

პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მიღებული მონაცემები ხელისუფლეების გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ეფექტიანად უნდა გამოიყენონ – დაინახონ კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების მზარდი როლი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში და ეს ინდუსტრიები, მეტი მხარდაჭერით განავითარონ. შესაბამისად, შესაძლებელი გახდება მშპ-ში მათი წილი გაიზარდოს. მონაცემებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

„ჩვენ ისტორიული პროცესის თანამონაწილეები ვართ, იმიტომ, რომ ეს პროგრამა, საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას, არა უბრალოდ ვიმსჯელოთ, ან თუნდაც, ვიკამათოთ კულტურის როლთან დაკავშირებით, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და მდგრად განვითარებაში, არამედ გვქონდეს კონკრეტული გაზომვადი მონაცემები კულტურის გავლენასთან და როლთან დაკავშირებით ამ პროცესში“, – აღნიშნა მინისტრმა.

იუნესკოს მიერ შემუშავებული კულტურის ინდიკატორების (CDIS) კვლევის მეთოდოლოგია კულტურის როლს ქვეყნის პოლიტიკის 7 განზომილებაში იკვლევს: ეკონომიკა, განათლება, მმართველობა, სოციალური ჩართულობა, გენდერული თანასწორობა, კომუნიკაცია და მემკვიდრეობა.

ეკონომიკაში კულტურის როლზე საუბრისას კვლევის ავტორები ტურიზმს უსვამენ ხაზს, როგორც დარგთაშორისი თანამშრომლობის კარგ მაგალითს.

„საქართველოში, ტურიზმი კულტურას მჭიდროდ უკავშირდება. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, კახეთსა და იმერეთში, ვიზიტორების 85% აცხადებს, რომ მათი ვიზიტის მიზეზი შვებულება – კულტურული ტურიზმი იყო. მაგრამ კულტურული ტურიზმის გამოყოფა, ტურისტების ეკონომიკური აქტივობების სხვა სახეობებისგან, შეუძლებელია.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებით, ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურების წილი მშპ-ში, 2015 წელს, 6,73% იყო“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, კულტურის სფეროში დასაქმებამ, 2015 წელს, დასაქმებული მოსახლეობის 5,2% შეადგინა – სულ, კულტურის დარგში, კერძო სექტორისა და არაოფიციალური სამუშაო ადგილების გარდა, 95,555 სამუშაო ადგილია რეგისტრირებული.

დაბალია მოსახლეობის ბიუჯეტში კულტურული აქტივობებისთვის გათვალისწინებული ხარჯიც – 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში ოჯახები საკუთარი შემოსავლის 1,1%-ს ხარჯავენ კულტურულ აქტივობებზე.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახელოვნებო განათლებით დაინტერესებული სტუდენტების რაოდენობა, მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 2,72%-ს წარმოადგენს – 2015 წლის მაჩვენებლების თანახმად, 2015 წელს, საქართველოს 74  საგანმანათლებლო დაწესებულებაში 124 233 სტუდენტი სწავლობდა.

„საშუალო სკოლის პირველი ორი კლასის სასწავლო საათების დაახლოებით 11,96% ხელოვნების სწავლებას ეძღვნება – ეს მონაცემი ხელოვნებისა და კულტურისთვის მინიჭებული პრიორიტეტის საშუალო მაჩვენებელს ასახავს“, – წერია ანგარიშში.

კვლევის ავტორები მიუთითებენ ხელისუფლების არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებზეც. ანგარიშის თანახმად, მაშინ, როცა კულტურული მენეჯმენტი კულტურის სტრატეგიის ერთერთ პრიორიტეტად დასახელდა, 2016 წელს, კულტურის მენეჯმენტი (ხელოვნების მენეჯმენტი და მსგავსი სპეციალობები) უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებიდან საერთოდ გაქრა.

რაც შეეხება გენდერული თანასწორობის საკითხს, 2010-14 წლებში, გამოკითხული მოსახლეობის საშუალოდ, 55%  პოზიტიურად აღიქვამდა გენდერს, როგორც ქვეყნის განვითარების ფაქტორს. ამასთან, მოსაზრებას – „უნივერსიტეტი უფრო მნიშვნელოვანია ბიჭისთვის, ვიდრე გოგოსთვის“ – 45,3% არ ეთანხმებოდა. მოსაზრებას კი – „მამაკაცი უკეთესი პოლიტიკური ლიდერია, ვიდრე ქალი“ – მხოლოდ 9,8% არ ეთანხმებოდა.

მმართველობასთან დაკავშირებული კვლევის შედეგები, CDIS-ს თანახმად, პოზიტიურია და ნაჩვენები მონაცემი (1-დან 0,68), კულტურის ძლიერი ნორმატიული ჩარჩოს არსებობაზე მიუთითებს.

„საქართველოს სხვადასხვა მთავრობის პირობებში 25 წლის განმავლობაში, ბევრი ძალისხმევა იყო გამოყენებული სართაშორისო სამართლებრივი აქტების რატიფიცირების მიზნით, რაც გავლენას მოახდენდა კულტურის განვითარებაზე, კულტურულ უფლებებსა და მრავალფეროვნებაზე, თუმცა ყველა მათგანი არ არის ბოლომდე განხორციელებული“, – წერია ანგარიშში.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა კულტურული ღონისძიებებით არ არის დაინტერესებული და მათში საზოგადოების ჩართულობის მაჩვენებელი დაბალია.

2015 წელს, კავკასიის ბარომეტრის მიერ გამოკითხულთა 15%-მა განაცხადა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, მინიმუმ ერთ კულტურულ ღონისძიებაში მიიღო  მონაწილეობა. კავკასიის ბარომეტრის ამ კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა დაახლოებით 44% რესტორანში დადის, საზოგადოებრივ შეკრებებზე – 19%, თეატრსა და კინოში კი დაახლოებით – 15%.

„15%-იანი შედეგი მიუთითებს კულტურული მონაწილეობის დაბალ ხარისხზე და შიდა  აუდიტორიის სტაბილურ მოცულობაზე. გარდა ამისა, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა აუდიტორიის განვითარება, კულტურის პროფესიონალური მენეჯმენტი  და მარკეტინგული ინსტრუმენტები“, – აღნიშნავენ სპეციალისტები.

კულტურული აქტივობები არსებითად მოიცავს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, ბეჭდურ, სამაუწყებლო და ინტერნეტმედიას. ფრიდომ ჰაუსის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მედია ნაწილობრივ თავისუფალია.

რაც შეეხება ინტერნეტის, როგორც კომუნიკაციის საშუალების ხელმისაწვდომობას, შედეგები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავდება.

2015 წლის კვლევის თანახმად, 6-დან 14 წლამდე მოზარდების 60%-ისთვის, 15-დან 25 წლამდე მოსახლეობის 80,8%-ისთვის, 25-დან 59 წლამდე მოსახლეობის 53,4% და 60 და უფროსი ასაკის მოსახლეობის 11,8%-ისთვის საქართველოში ინტერნეტი ხელმისაწვდომია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მენეჯმენტის საკითხი საქართველოში სუსტია და პრობლემას წარმოადგენს. მემკვიდრეობის მდგრადობასთან დაკავშირებით, საქართველოსთვის მინიჭებული ქულა 1-დან 0,75-ია. ძეგლების დაცვისა და მენეჯმენტისთვის ქვეყანამ 1-დან 0,52 ქულა მიიღო, მხარდაჭერის მობილიზებისთვის – 1-დან 0,92.

">