პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობა “ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი” არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამას შექმნის.
ეს განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როცა საუბრობდა ორგანიზაციებზე, რომლებიც რუსული კანონის ფარგლებში “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად” დარეგისტრირდნენ.
კობახიძის თქმით, საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობენ.
“…ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ”, – თქვა მან.