კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა – ელენე ხოშტარიამ, ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ და ზურა ჯაფარიძემ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, არჩევნების შემდეგ პარლამენტში არჩეული არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მთავრობის ფორმირების საკითხში.
“ქართველ ხალხს დღეს აერთიანებს მტკიცე და ძლიერი სურვილი ცვლილების და ეს ცვლილება არის შესაძლებელი, ეს ცვლილება ჩვენს ხელშია. ჩვენ როგორც ცვლილების კოალიცია – კოალიცია ცვლილებისთვის ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ აღვასრულოთ ეს სურვილი. ყველა ხელოვნური ბარიერი, რომელიც შეიძლება ამ ცვლილებას დახვდეს გავწიოთ და განვახორციელოთ ხალხის მანდატი. შესაბამისად, ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს ქართულ ოცნებას, ეს არის ის, რომ ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე და ამაზე მიიღებენ მტკიცე პასუხს ქართული საზოგადოებისგან, მოქალაქეებისგან, ხოლო მეორე რაც შეიძლება ჰქონდეთ თავში ეს არის მოსყიდვა, გარიგება იმ ადამიანების, რომლებიც იქნებიან არჩეულები.
შესაბამისად, კოალიცია ცვლილებისთვის გამოდის ინიციატივით, რომ ყველა არჩეული პარლამენტის წევრი საჯაროდ და მკაფიოდ დააფიქსირებს პირობას, რომ არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან მთავრობის ფორმირებაში. მომავალი მთავრობა იქნება ქართველი ხალხის ნების, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციური მთავრობა. სწორედ ამ პირობას დავდებთ ჩვენ დღეს ყველა ერთად და მე მიმაჩნია, რომ პარლამენტის ყველა წევრი უნდა დებდეს საჯაროდ ამ პირობას”, – თქვა ბრიფინგზე ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.