კინოცენტრის ორგანიზებით დადგენილმა სპეციალურმა კომისიამ ოსკარზე წარსადგენად რუსუდან გლურჯიძის ფილმი შეარჩია

საქართველო 2024 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე საკონკურსო ფილმის სტატუსით რუსუდან გლურჯიძის ფილმ ანტიკვარიატს წარადგენს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

“12 სექტემბერს კინოცენტრის ორგანიზებით დადგენილი სპეციალური კომისიის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამარჯვებული ფილმი შეირჩა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჟიურის ოთხმა წევრმა ხმა დეა კულუმბეგაშვილის ფილმ აპრილს მისცა, ხოლო ხუთი ხმით კონკურსში გამარჯვებული რუსუდან გლურჯიძის ფილმი გახდა. სხვა საკონკურსო ნამუშევრებს ხმები არ მიუღიათ.

საქართველოს სახელით ამერიკის კინოაკადემიის 2024 წლის ოსკარზე სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის წარსადგენი საპროდიუსერო კომპანიების განაცხადების მიღება 2024 წლის 16 აგვისტოს დაიწყო და ამა წლის 6 სექტემბრამდე გაგრძელდა. კინოცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებისგან წარდგენილი იყო ხუთი ფილმი: სიცოცხლიდან სიცოცხლემდე (რეჟისორი და პროდიუსერი – ბექა სიხარულიძე); კაცი რომელიც ჯიხურთან იდგა (რეჟისორი დავით ქაფიაშვილი; პროდიუსერი ხათუნა ვაშაძე); ეშმაკის სამოთხე (რეჟისორი ხათუნა ვაშაძე; პროდიუსერი გიორგი აზნაური); ანტიკვარიატი (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, პროდიუსერი ზურაბ მაღალაშვილი) და აპრილი (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი, პროდიუსერი არჩილ გელოვანი).

სპეციალური კომისია, რომელმაც საქართველოდან ოსკარზე წარსადგენი ფილმი შეარჩია, დაკომპლექტდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ზაზა შათირიშვილი (კულტურისა და კინოს მკვლევარი), ვლადიმერ კაჭარავა (პროდიუსერი), (პროდიუსერი), ლევან გიგინეიშვილი (ფილოსოფოსი), ნიკოლოზ შენგელაია (კინომხატვარი), ხათუნა ხუნდაძე (პროდიუსერი), გიორგი ჭუმბურიძე (რეჟისორი), ბაჩანა ოდიშარია (კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი) და გიორგი ცხვედიანი (კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი)”. – წერია კინოცენტრის განცხადებაში.

ცნობისათვის, რუსუდან გლურჯიძე 1993 წლიდან  ეწევა აქტიურ სარეჟისორო მოღვაწეობას კინოსა და თეატრში. მიღებული აქვს 25-ზე მეტი ჯილდო, მისმა ფილმმა “სხვისი სახლი” არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი დაიმსახურა: ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი, “Российской газета“-ს პრიზი სახალინის VI საერთაშორისო კინოფესტივალ “Край света” (), თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის (2016), კარლოვი ვარის 51-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის “East of the West” პრიზი “ბროლის გლობუსი” (2016), ბერგენის IFF პრიზი (ნორვეგია) ექსტრაორდინალური კინო ფილმისთვის (2016), რუსული კინოს აკადემიის პრემია “ნიკა” (2017).

ასევე დაგაინტერესებთ