კვირიკაშვილი: ბოლო თვეების განმავლობაში პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები მქონდა

ბოლო თვეების განმავლობაში, იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები მქონდა, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა.

“როგორც იცით, გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები მქონდა. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდშიც არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ, დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია”- განაცხადა კვირიკაშვილმა.