კატალონიელების მხოლოდ მეოთხედს სურს დამოუკიდებლობა

კატალონიის მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედს სურს დამოუკიდებლობის მოპოვება. Reuters-ის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით რეგიონში კვლევა ჩატარდა, რომელის შედეგებიც გაზეთ El Pais-ში გამოქვეყნდა.

კვლევითი ორგანიზაცია Metroscopia-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად გამოკითხულთა მხოლოდ 24%-ს სურს, რომ კატალონია ესპანეთს გამოეყოს, მაშინ როდესაც 71% მომხრეა იმის, რომ პოლიტიკოსებმა რეგიონის ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენის გზები გამონახოს.

დიდი ალბათობით, დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები ვერ მიიღებენ აბსოლუტურ უმრავლესობას კატალონიის ადგილობრივ პარლამენტში. როგორც Reuters-ი წერს, აბსოლუტური უმრავლესობის დაკარგვა დამოუკიდებლობის მომხრეთათვის მძიმე დარტყმა იქნება.

კვლევის თანახმად, არჩევნებში პროსეპარატისტული პარტიები ხმათა 46%-ს მოიპოვებენ, მაშინ როდესაც 2015 წელს მათ 47,7% მოიპოვეს. ხოლო ესპანეთის ნაწილად დარჩენის მომხრეები ასევე 46%-ს მიიღებენ. ამ უკანასკნელებმა ბოლო არჩევნებში ხმათა 40%-ზე ნაკლები მიიღეს.

ასევე, კვლევა აჩვენებს, რომ კატალონიის ადგილობრივი არჩევნების აქტივობა რეკორდულ მაჩვენებელს – 80%-ს მიაღწევს.

 

">