იანვარში ექსპორტი 26%-ით შემცირდა, იმპორტი 10%-ით – საქსტატი

საქსტატმა საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტმა 338 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით ნაკლები იყო.
ეს ექსპორტის წინასწარი ანგარიშია და ის კონკრეტული საქონლის მიხედვით ინფორმაციას არ მოიცავს, თუმცა ექსპორტის კლება სავარაუდოდ დაკავშირებულია საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მოცულობის შემცირებასთან, რამაც გასული წლის მეოთხე კვარტალში კლებადი დინამიკა აჩვენა.
რაც შეეხება იმპორტს, ისიც 10%-ით შემცირდა და იანვარში 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. სავარაუდოდ, ამ მიმართულებითაც კლება დაკავშირებულია საექსპორტოდ გასატანი ავტომობილების იმპორტის შემცირებასთან.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 თებერვალს, შესაბამისად გაირკვევა თუ რა დასახელების საქონლის იმპორტი და ექსპორტი შემცირდა.