თეთრმა სახლმა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე „პრინციპული თანხმობა“ განაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე „პრინციპული თანხმობა“ განაცხადა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ის სტატიაში წერია. გამოცემა ინფორმაციას სამთავრობო წრეებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. თუ აქამდე აშშ უკრაინას ჯავშანჟილეტებს, ჩაფხუტებს და მსგავს თავდაცვით აღჭურვილობას აწვდიდა, ახლა აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა Javelin-ის უკრაინისთვის გადაცემაზე.

როგორც გამოცემა წერას, ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ ლეტალური იარაღის სანაცვლოდ კიევისგან მიიღებს თანხმობას სამშვიდობო ოპერაციაზე და ამავე დროს რუსეთს გაუგზავნის სიგნალს, რომ დასავლეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობის დამყარების მცდელობები უშედეგოდ ჩაივლის.

გამოცემისთვის უცნობია თუ როდის დაიწყება უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება. მეტიც, ოფიციალურ დონეზე „პრინციპული თანხმობასთან“ დაკავშირებით ინფორმაციას თეთრი სახლი არ ადასტურებს. როგორც რუსულ „რია ნოვოსტის“ თეთრი სახლის წარმომადგენელმა მაიკლ ენტონმა განუცხადა – „ეს სიმართლეს არ შეესაბამება“. თუ რა ფორმულირებით დაუსვა კითხვა რუსულმა სააგენტომ თეთრ სახლს, უცნობია.

ასევე, The Wall Street Journal-ის წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონი მოსკოვს უახლოეს მომავალში დონბასში 20 ათასი მშვიდობისმყოფელის განთავსებას შესთავაზებს. სამშვიდობო ძალები ეუთო-ს ეგიდით განთავსდებიან. უცნობია თუ კონკრეტულად რა პოზიციებზე განთავსდებიან მშვიდობისმყოფელები.

მშვიდობისმყოფელების განთავსებაზე მოსკოვი და ვაშინგტონი ადრეც საუბრობდნენ. რუსეთი მიიჩნევს, რომ ისინი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე უნდა განთავსდნენ, ხოლო ვაშინგტონი და კიევი მიიჩნევენ, რომ სამშვიდობოები როგორც ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე, ასევე რუსეთ-უკრაინის საზღვარზეც უნდა განთავსდნენ.

">