თბილისში NASA-ს ინჟინრები ჩამოდიან

სექტემბრის ბოლოს საქართველოს NASA-ს მეცნიერები ეწვევიან და საჯარო ლექციებს ჩაატარებენ : ჯონ კასანი და მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი რობ მენინგი. .

მეცნიერები საქართველოს “ჩაკრულოს კვირეულის“ ფარგლებში ესტუმრებიან, რომელიც  NASA-ს ორი კოსმოსური ხომალდის, ვოიაჯერ 1-ისა და ვოიაჯერ 2-ის კოსმოსში გაშვების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან აშშ-ის საელჩო საქართველოში და მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდი “ნოვა“.

ხომალდი ვოიაჯერ 1 1977 წლის 5 სექტემბერს გაუშვეს კოსმოსში; 2012 წელს, მან მზის სისტემა დატოვა და ამჟამად ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაპობს. ვოიაჯერ 1 კაცობრიობის ერთადერთი ქმნილებაა, რომელმაც მშობლიური მზის სისტემა დატოვა.

 

 

ვოიაჯერ 2 1977 წლის 20 აგვისტოს გაუშვეს და სულ მალე, მზის სისტემას ისიც დატოვებს.

26 სექტემბერს, თბილისში, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება ვოიაჯერების მისიის ხელმძღვანელის, ჯონ კასანის საჯარო ლექცია, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ამის შემდეგ შედგება ახალი დოკუმენტური ფილმის, „The Farthest” კინოჩვენება (ინგლისურ ენაზე ქართული სუბტიტრებით. დასწრება უფასოა მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის). ჩვენებას ასევე დაესწრება ფილმის რეჟისორი ემერ რეინოლდი. ფილმი ნომინირებულია „ემიზე“.

28 სექტემბერს, 16 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, გაიმართება NASA-ს მარსის პროგრამის მთავარი ინჟინრის, რობ მენინგის საჯარო ლექცია, დასწრება თავისუფალია.

რობ მენინგი NASA-ს მავალ Curiosity-ს მთავარი ინჟინერია. 2012 წლის 5 აგვისტოს, Curiosity წარმატებით დაჯდა წითელ პლანეტაზე და დღემდე აქტიურად აგრძელებს მის კვლევას.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს
">