თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ საკომიტეტო მოკვლევა იწყება

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ საკომიტეტო მოკვლევას ჩაატარებს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ახალი ინიციატივის შესახებ – „საკომიტეტო მოკვლევა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ“ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ახალი ინიციატივა ჰაერის დაბინძურების პრობლემას შეეხება.

„კომიტეტი ამ თემის განსაკუთრებულად სიღრმისეულად საკვლევად და შემდგომ უკვე საკანონმდებლო ცვლილებების თუ რეკომენდაციების შესამუშავებლად საკომიტეტო მოკვლევის მეთოდოლოგიის გამოყენებას აქტიურად იწყებს“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში საკომიტეტო მოკვლევა კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა.

„ბევრი პარლამენტი საკომიტეტო მოკვლევის ფორმას იყენებს ძალიან ეფექტურად იმისთვის, რომ კონკრეტულ პრობლემურ საკითხებს ჩაუღრმავდეს, მოაგროვოს მოსახლეობის თუ სხვადასხვა ინტერესჯგუფების პოზიციები პრობლემურ თემასთან დაკავშირებით, კარგად გააანალიზოს ყველა არსებული პოზიცია და ჩამოაყალიბოს მაქსიმალურად კომპლექსური ხედვა და პრობლემის მოგვარებისკენ ეფექტური ნაბიჯები გადადგას“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების საკითხი საქართველოს მოსახლეობისთვის ერთერთი ყველაზე პრობლემური თემაა, განსაკუთრებით კი თბილისის მოსახლეობისთვის, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებებით, საკმაოდ ცუდი მაჩვენებლებია, რაც ბუნებრივია, შემდეგ უკვე აისახება ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„ამ პრობლემას სჭირდება სერიოზული ყურადღება სხვადასხვა ინსტიტუტების მხრიდან და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან. საკითხის აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ფორმით გამოეჩინა. კერძოდ, საკომიტეტო მოკვლევა პირველად პარლამენტის პრაქტიკაში სწორედ ამ საკითხზე ჩატარებულიყო“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კახაბერ კუჭავას განცხადებით, საკომიტეტო მოკვლევა ეს ის სიახლეა საპარლამენტო ცხოვრებაში, რომელსაც პირველად, საპილოტე რეჟიმში  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი დანერგავს.”ეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდია და საკმაოდ ეფექტური მექანიზმი იმისთვის, რომ პარლამენტმა განახორციელოს თავისი ზედამხედველობის ფუნქცია“, – განაცხადა კუჭავამ.

მისი განცხადებით, ჰაერის დაბინძურების პრობლემა ერთერთი ყველაზე პრობლემური საკითხია როგორც ქვეყანაში, ასევე განსაკუთრებით თბილისში, რის გამოც გადაწყდა, რომ პირველად სწორედ აღნიშნულ საკითხზე ჩატარებულიყო საკომიტეტო მოკვლევა.

კახაბერ კუჭავას ინფორმაციით, მისი განკარგულებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც 15 წევრი იქნება.

სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: კახაბერ კუჭავა, მამუკა მდინარაძე, გიორგი ხატიძე, ლევან კობერიძე, დავით სონღულაშვილი, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი, ნინო გოგუაძე, გია გაჩეჩელაძე, გუგული მაღრაძე, ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, თინათინ ბოკუჩავა და ემზარ კვიციანი. „სამუშაო ჯგუფში ძირითადად წარმოდგენილი იქნებიან კომიტეტის წევრები, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კომიტეტის წევრების გარდა პარლამენტის სხვა წევრებიც შეგვეყვანა ამ ჯგუფში, რათა უფრო ფართო და მასშტაბური იყოს ჩატარებული სამუშაო“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

კახაბერ კუჭავას განმარტებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, კომიტეტის წევრები გაეცნობიან ყველა დაინტერესებული მხარის მიერ, წერილობითი ფორმით მოწოდებულ დადასტურებულ პოზიციას. მისივე თქმით, დადასტურებული პოზიცია გულისხმობს: წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური პირობების დაცვით (TOR), წერილობითი ფორმით, მტკიცებულებებით და ფაქტებით გამყარებულ დოკუმენტს, სადაც იქნება მოყვანილი ის გარემოებები რომლებიც უშუალო ზეგავლენას ახდენენ ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე ჩვენს დედაქალაქში.

“პოზიციების მიღება დაიწყება 19.04.2018-დან 01.06.2018-მდე. მიღებული დოკუმენტების დამუშავების ვადები განისაზღვრება მასალების მოცულობიდან გამომდინარე. აღნიშნული ვადების შესახებ კომიტეტი ეტაპობრივად აცნობებს საზოგადოებას.

წერილობითი ფორმით დადასტურებული პოზიციები გასაჯაროვდება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ვებგვერდზე და იქნება ხელმისაწვდომი ყველა პირისათვის.

დადასტურებული პოზიციების მიღების შემდეგ, კომიტეტის სამუშაო ჯგუფი შეისწავლის მიღებულ ინფორმაციებს, გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც შემდგომში მოწვეულნი იქნებიან სამუშაო ჯგუფში, ზეპირი მოსმენის ეტაპზე და წარმოადგენენ თავიანთ დადასტურებულ პოზიციებს მომხსენებლის სტატუსით.

წერილობითი და ზეპირი დადასტურებული პოზიციების გაცნობისა და მოკვლეული საკითხების შეჯამების შემდეგ, კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრები მოისმენენ განმარტებებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და იმსჯელებენ საკითხის გადაჭრის გზებზე. ზეპირი მოსმენა წარიმართება სამუშაო ჯგუფის წევრებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში.

საკომიტეტო მოკვლევის ბოლო ეტაპზე, სამუშაო ჯგუფი მოამზადებს შემაჯამებელ ანგარიშს. მოკვლევის შემაჯამებელ ანგარიშში, აისახება კომიტეტის სამუშაო ჯგუფის დასკვნები და რეკომენდაციები.

ანგარიში წარედგინება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს შემდგომში განსახილველად. კომიტეტის დასკვნა წარედგინება საქართველოს პარლამენტს და ასევე გამოქვეყნდება საჯაროდ.

საკომიტეტო მოკვლევის შედეგად:

  • კომიტეტი შეიმუშავებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას;
  • კომიტეტი აღმასრულებელ უწყებებს წარუდგენს ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს ქ. თბილისში ატმოსფერულოი ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
  • ინსტრუქციების შესრულებაზე განხორციელდება მკაცრი საპარლამენტო კონტროლი”- ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.