თბილისში კირილე ზდანევიჩის ერთადერთი კედლის მხატვრობა განადგურდა

რუსთაველის გამზირის #16-ში მდებარე “ოფიცერთა სახლის” სარდაფში განთავსებული, კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანო განადგურებულია, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნულ მისამართზე დღეს მაღაზია “დეფაქტო” მდებარეობს. შემთხვევის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ .

“სწორედ ამ რესტავრატორების მიერ და სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, 2 წლის წინ ჩატარდა კირილე ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტების კვლევითი ანალიზი.

ამჟამად ოფიცერთა სახლის პირველი სართულისა და სარდაფის ტერიტორია კერძო საკუთრებაშია, ხოლო ფართის მეიჯარე აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის რემონტი დასრულებული იყო და პანო აღარ არსებობდა. როგორც გაირკვა, ისტორიულ პანოზე ფიზიკური სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შესახებ ახალ მესაკუთრეს არც სააგენტოსთვის და არც მერიის შეაბამისი სამსახურებისთვის არ უცნობებია და შეუთანხმებია, რაც ცალკე სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს”- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რათა მომხდარი უმოკლეს დროში გამოიძიონ და სამართალდამრღვევის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდეს .

სააგენტოს ინფორმაციით, პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვრის, კირილე ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მოხატულობა უნიკალურია არა მხოლოდ მისი მაღალი მხატვრული ფასეულობის, არამედ საერთო კულტურული კონტექსტის გამო: 1918 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირის #16-ში მდებარე სახლის სარდაფში დაარსებული კაფე „არგონავტთა ნავი“ ტფილისური კულტურული ცხოვრებისა და ქართული ავანგარდის ერთერთ ცენტრს წარმოადგენდა. ამ კაფეში კირილე ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მხატვრობა კი უნიკალური იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ მსოფლიოში ძალიან მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მხატვრობა, საქართველოში კი ეს ერთადერთი იყო.