თორნიკე კუსიანსა და ლევან ბერიანიძეს 300-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ “თანასწორობის მოძრაობის” წევრებს თორნიკე კუსიანსა და ლევან ბერიანიძეს 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციის მიერ თანასწორობის მოძრაობის აქტივისტების ცემის ფაქტს ეხმაურებიან

ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები და ჯგუფები უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ ბათუმში „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტების, ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის სავარაუდო ჰომოფობიური მოტივით ცემის, თვითნებური დაკავებისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ დამამცირებელი და არაადამინური მოპყრობის ფაქტებზე და პროკურატურას მოვუწოდებთ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იქნას დამნაშავე პოლიციელების სამართლიანი დასჯა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვთ შესაბამისი პოლიციის თანამშრომლების უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში  გათავისუფლებას, საპოლიციო სისტემის შიგნით კი – სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანი პოლიტიკის გატარებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული საპოლიციო კულტურის დამკვიდრებას.

ბათუმში „თანასწორობის მოძრაობის“ წევრების სასამართლო პროცესი ლგბტ აქტივისტების პროტესტის ფონზე დაიწყო

ლგბტ აქტივისტების პროტესტის ფონზე დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში „თანასწორობის მოძრაობის“ წევრების, ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის სასამართლო პროცესი, რომლებიც პოლიციამ გუშინ დილით ბულვარში დააკავა.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს და მიმართავენ სახელმწიფო სტრუქტურებს, სამართალდამცველ ორგანოებს, რათა მიიღონ ზომები ანალოგიური შემთხვევების პრევენციისთვის.

„ისინი უკანონოდ დააკავეს. პოლიცია სასტიკად მოეპყრო. სცემეს და მათი პატივი და ღირსება შეილახა. დაკავებულების მიმართ ჰომოფობიური გამონათქვამები გამოიყენეს. მივმართავთ ყველა უწყებას, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და პროკურატურას, პოლიციის მიერ ჩადენილი ქმედება აუცილებლად გამოიძიონ, რადგან მათ არაფერი დაუშავებიათ და ჰომოფობიურნიადაგზე დააკავეს“, – განაცხადა „თანასწორობის მოძრაობის“ წევრმა, მაგდა კალანდაძემ.

სასამართლო სხდომა ამ წუთებში განახლდა. პროცესი გუშინ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, სასამართლო სხდომის დახურვისა და მოწმეთა ტელეკამერების გარეშე დაკითხვის თაობაზე.

თანასწორობის მოძრაობა კანცელარიასთან აქციას მართავს

შეწყდეს პოლიციური ტერორი, ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია !

მთავრობის  კანცელარიასთან ,,თანასწორობის მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ორგანიზაციის აღმასრულებელი   აპროტესტებენ  პოლიციის მხრიდან Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა-ს აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძის და გამგეობის წევრის თორნიკე კუსიანის მიმართ ჰომოფობიურ ნიადაგზე სასტიკ, ღირსებისშემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას.

ამასთან, აქციის მონაწილეები სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ლგბტ პირების ჩაგვრის წინააღმდეგ და მათი უფლებების დასაცავად სისტემური ცვლილებების განხორციელებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ჰომოფობიის წახალისების საწინააღმდეგოდ ქმედითი პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო.

 

საქართველოს სახალხო დამცველი პროკურატურას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას დროულად განახორციელოს რეაგირება – სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელების მხრიდან თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორისა და მოძრაობის წევრის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 2017 წლის 25 აგვისტოს აჭარისა და გურიის რეგიონულ დროებითი მოთავსების იზოლატორში თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და თანასწორობის მოძრაობის წევრი თორნიკე კუსიანი მოინახულეს. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ 25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმის ბულვარში, მათ და მათთან ერთად მყოფ ტრანსგენდერ ქალებს უცხო პირები დაესხნენ თავს. მათ პოლიციის თანამშრომლებს სთხოვეს დახმარება, რომლებიც თავდასხმას უმოქმედოდ აკვირდებოდნენ; შემდეგ კი ძალის გამოყენებით მხოლოდ ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი დააკავეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჰომოფობიური ნიშნით. დაკავებულთა ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა არ განუმარტეს მათი უფლებები, დაკავების მიზეზი და არც ტელეფონზე დარეკვის საშუალება მისცეს. მათი თქმით, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ქონდა პოლიციის განყოფილებაშიც.
სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, ძალადობისა და ჰომოფობიური გამოვლინებების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც ლგბტ თემის წარმომადგენლები პოლიციის უმოქმედობაზე და მათ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე უთითებენ. იმ მიზნით, რომ არ მოხდეს მსგავსი ქმედებების წახალისება, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დროული რეაგირება განახორციელოს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების თითოეულ ფაქტზე და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.

„თანასწორობის მოძრაობის“ წევრები სამართალდამცავებს ჰომოფობიასა და ძალადობაში ადანაშაულებენ

დღეს დილას ინციდენტი მოხდა ბათუმში. პოლიციამ „თანასწორობის მოძრაობის“ ორი წევრი, ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი დააკავა. დაკავებულებს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. თუმცა თავად დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და სამართალდამცავებს ჰომოფობიურ ნიადაგზე ძალადობაში ადანაშაულებენ.

საქალაქო სასამართლოს სხდომის შემდგომ მოსამართლემ დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა და პროცესი ხვალ დილას 12 საათისთვის გადადო.

">