თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ამ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო.

უმცროსი სერჟანტი გუშინ საღამოს ავღანეთის რესპუბლიკაში ბატალიონის ოცეულის ფარგლებში ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ახორციელებდა პატრულირებას, რა დროსაც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა ტერორისტული აქტი. გვყავს ასევე სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი.

ორი მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხოლო მესამე სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ბაგრამის ჰოსპიტალში ყველაფერი კეთდება, რათა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ ამ მძიმე წუთებში ვდგავართ დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის გვერდით და გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ტერორისტული აქტის შედეგად ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო, სამძიმარი გამოუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.

„ელჩმა თავდაცვის მინისტრთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს“, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

">