ზურაბ ჯაფარიძე რუსულ კანონზე: ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა, ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები სხვა პარტიებთან

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ქუჩის პროტესტი ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია რუსული კანონის შემობრუნების წინააღმდეგ და მისივე თქმით, უკვე აქვთ კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან:

“ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, ისინი მოახერხებენ თუ არ მოახერხებენ ამ კანონის გატანას, ისინი ამ მიზნის მიღწევას მაინც ახერხებენ. ვხედავთ პერმანენტულ თავდასხმებს დასავლურ ფონდებზე, რომელიც არ შეწყვეტილა განსაკუთრებით პაპუაშვილის მხრიდან.

ნებისმიერ შემთხვევაში, მათ პასუხი უნდა გასცეს ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევნებზე 26 ოქტომბერს. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციებს შეასრულებს.

ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა. მე არ ვიცი ახლა ასეთი მზაობა რამდენად არსებობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები სხვა პარტიებთან, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორთან” განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი პრემიერს – მეგობრებს დებატებში არ იწვევენ – ხვალ არის კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე და მოდი, განვიხილოთ, თუ გინდა გარეთ მყოფ ხალხს გაესაუბრე, თუ გინდა შიგნით შემოდი, დაგელოდებით

პრემიერი – გაგებით ვერ მოვეკიდებით ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ