ზურაბ ჯაფარიძე ნარკოპოლიტიკის შესახებ საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

“საპატრიარქომ კანონპროექტის განხილვა შეაჩერეთო.

მორიგი გამოცდა იქნება პარლამენტისთვის – აირჩევენ საღ აზრს, მეცნიერულ მიდგომას და ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილებას თუ დაემორჩილებიან ყველაზე ავტორიტეტული ისნტიტუტის მოწოდებას, რომელიც ლევან ვასაძის კონსპირაციულ თეორიებს და ირაციონალურ შიშებს ეფუძნება.

ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენ ხანსაც არ უნდა გაიწელოს ეს ცივილიზაციური კონფრონტაცია, კონკრეტულად ორი რამე დღესვე არის გარდაუვალი:

მარიხუანაზე კონკრეტულად გვაქვს ახალი რეალობა და ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. პოლიტიკის მიმართულება უკვე განსაზღვრულია. მარიხუანასთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დადო გადაწყვეტილება – ამ ქვეყანაში ადამიანს ვეღარ დასჯიან მარიხუანას მოხმარების გამო, რადგან ეს არის მისი თავისუფლების ნაწილი.

ცალკე თემაა მძიმე ნარკოტიკები, რომლის მოხმარების გამო ადამიანები ციხეში არ უნდა იჯდნენ, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს არცერთი სოციალური ჯგუფი თუ ინსტიტუტი, მათ შორის არც საპატრიარქოც, რომელიც რაიმე ფორმით ამართლებს მოხმარების გამო ადამიანების საპყრობილეებში წლობით გამოკეტვას.

მინიმუმ ეს არის გასაკეთებელი ახლავე. დღესვე. ელემენტარული საღი აზრის საკითხია”- წერს ჯაფარიძე “ფეისბუქში”.

ცნობისთვის, საპატრიარქომ აღნიშნულ საკითხზე განცხადება 11 იანვარს გაავრცელა.

“საჭიროდ მიგვაჩნია, მოეწყოს აღნიშნული თემის ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქომ კანონპროექტის განხილვა შეაჩერეთოhttp://patriarchate.ge/geo/saqartvelos-sapatriarqos-gancxadeba-11-01/მო…

Posted by Zurab Japaridze on 2018 წლის 11 იანვარი, ხუთშაბათი