სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას მედიასაშუალებები სომხეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ლიდერის აზერბაიჯანში განხორციელებულ ვიზიტზე ისაუბრეს.
„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს გასულ კვირას აზერბაიჯანში ვიზიტის შთაბეჭდილებები გააცნო, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ პუტინს“, – აცხადებენ სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვდნენ სომხეთისა და რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების განსახილველად.