ვის სჭირდება არქიტექტორი – საქართველოში დაუფასებელი შრომა თუ პროფესია რეკლამის გარეშე

არქიტექტურა უფრო მეტია, ვიდრე დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით, შენობის პროექტირება თუ ნახაზის მომზადება. თანამედროვე მსოფლმხედველობისა და გამოცდილების კომბინირებით არქიტექტორი ადამიანისთვის ესთეტიკურ გარემოს აყალიბებს. ამისთვის სპეციალისტი შემოქმედებით გზას მიმართავს – საკუთარი ორიგინალური იდეის რეალიზებით სივრცეს სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს, ამასთან, ბაზარზე ადგილს იმკვიდრებს.

არქიტექტორი ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის საჭირო მატერიალურად ორგანიზებულ გარემოს ქმნის – ასე ახასიათებენ საკუთარ საქმეს თავად სპეციალისტები. მოქანდაკე ლევან სალუქვაძის აზრით კი, „არქიტექტურა არის ფილოსოფია, აზროვნება, ხელოვნება, რომელიც წარმოადგენს ერის კულტურულ სახეს“.

არქიტექტორების ინტელექტუალური რესურსი საქართველოში არსებობს, მაგრამ არა – რეალიზებული. პროფესიონალებს იშვიათად უწევთ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება და რესურსი ნაკლებად მნიშვნელოვან შეკვეთებზე იხარჯება. ასეთ შემთხვევებში კი, მეტ მოგებაზე ორიენტირებული დამკვეთი ხარისხიან მასალებზე თანხას ზოგავს.

ინტერიერის დიზაინზე მომუშავე არქიტექტორი ალექსანდრე ნოზაძე მიიჩნევს, რომ ახალი უსახური შენობები სწორედ თანხის დაზოგვის შედეგია, – „იმის გამო, რომ დამკვეთს არ უნდა ფულის დახარჯვა კარგ, ხარისხიან მასალებში, ახალი შენობები უგემოვნოდ და უხარისხოდ შენდება. დამკვეთს სურს, კორპუსიდან უფრო მეტი მოგება მიიღოს“.

არქიტექტორის ის ვარაუდი, რომ უხარისხო მასალებით, მხოლოდ მეტ ფართზე გათვლილი კორპუსების მშენებლობის შეზღუდვის შესახებ სახელმწიფოს რეგულაცია სურათს გააუმჯობესებდა, მხოლოდ მსგავსი რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში შეიძლება შემოწმდეს.

„რატომ უნდა გადავუხადო ფული არქიტექტორს, როცა შემიძლია საქმეს თავი თვითონ გავართვა“, – საზოგადოებაში ამ მოსაზრების არსებობის და არქიტექტორების შრომის მნიშვნელობის გაუფასურების მიზეზად თავად სპეციალისტები საზოგადოების არაინფორმირებულობას ასახელებენ. საზოგადოების ინფორმირების, ცნობიერების ამაღლების და არქიტექტორებზე მოთხოვნის გაზრდის პასუხისმგებლობას არქიტექტორთა ნაწილი სახელმწიფოს აკისრებს.

არქიტექტორების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და მისი როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ არის თუ არა ეს მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა? ალექსანდრე ნოზაძე მიიჩნევს, რომ საკუთარი საქმის პოპულარიზება თავად სპეციალისტებსაც შეუძლიათ, მაგრამ ამისთვის ისინი სახელმწიფომ უნდა მოამზადოს – ტრენინგების, კონკურსების თუ სხვა შესაძლებლობების გამოყენებით: მაღალი კვალიფიკაციის მქონე არქიტექტორი საზოგადოების ყურადღებას პროფესიონალიზმით მიიქცევს. ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება ის აზრი, რომ პროფესიონალიზმის გამოსავლენად არქიტექტორებს შეკვეთები სჭირდებათ – მოთხოვნა კი დაბალია.

საზოგადოება პროფესიონალის დახმარებაზე უარს დამატებითი ხარჯისგან თავის არიდების მიზნით ამბობს. პროფესიონალის დახმარება კი ფუფუნება არაა – არასწორად დაპროექტებულმა შენობამ, ინტერიერის ცუდად შერჩეულმა ფერებმა ადამიანის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე უარყოფთად შეიძლება იმოქმედოს. არქიტექტურის შესახებ მეტის გაგების სურვილი საზოგადოებას მაშინ გაუჩნდება, თუ ამისკენ მისთვის მნიშვნელოვანი, გადაწყვეტილების მიმღები პირები უბიძგებენ.

არქიტექტორების მიერ გამართულ გამოფენებზე ორგანიზატორები მთავრობის წარმომადგენლებს იწვევენ, მაგრამ მსგავსი ღონისძიებებით მედიის ყურადღების ქვეშ მუდმივად მყოფი პოლიტიკოსები არ ინტერესდებიან. არქიტექტურული კომპანია „დინასტიის“ წარმომადგენელი არჩილ ქურდიანი აღნიშნავს, რომ მიწვევის მიუხედავად, არქიტექტორთა ასოციაციის მიერ გამართულ კონკურსებსა თუ გამოფენებს მთავრობის წარმომადგენლები იშვიათად სტუმრობენ.

თუკი ხელისუფლება თავად ჩაერთვება საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობაში და ქვეყანაში ბიენალეების ან ტრიენალეების ტრადიციას დაამკვიდრებს, მაღალი დონის არქიტექტორები, სახელმწიფო დონეზე მოწვეული სტუმრები საქართველოს შესახებ ინტერესს გაზრდიან – ამას ტურიზმის ზრდა მოჰყვება. სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავსი ღონისძიებებისთვის 100 ათასი ლარი საკმარისი იქნება, შედეგად მიღებული შემოსავალი კი – გაცილებით მეტი.

არქიტექტორთა მომსახურებით დაუინტერესებლობას ბაზარზე ბევრი გამოუცდელი არქიტექტორის არსებობით ხსნის ქურდიანთა „დინასტიის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, არქიტექტორი გიორგი ქურდიანი. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა საკმარისი არ არის პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის. ამასთან, გამოუცდელი არქიტექტორი, რომელიც მხოლოდ დეველოპერის კარნახით მუშაობს, საქმეს თუ არაპროფესიონალურად დაასრულებს, ეს ქართველი არქიტექტორების იმიჯზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

„განათლების და გამოცდილების გარეშე, მხოლოდ ნიჭიერი, ადამიანი ვერ გაითვალისწინებს მასშტაბს, დეტალებს, ვერ გაითვალისწინებს სინათლის სხივს, როგორ შეიძლება ითამაშოს ფასადზე, როგორი ანარეკლი შეიძლება მიიღოს იმან, რომ შენთვის სასიამოვნო იყოს ჯდომა – ამაზე არქიტექტორი ფიქრობს“, – ამბობს გიორგი ქურდიანი.

რაც შეეხება საქართველოში არსებული რესურსის ექსპორტს, კეთილი ნების გამოჩენის შემთხვევაში, ხელისუფლებას შეუძლია, ეს ინტელექტუალური რესურსი საზღვრებს გარეთ გაიტანოს. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ქართველი სპეციალისტების ცნობადობა გაიზრდება. ასევე, უფრო მეტი აქტიურობით, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს შეუძლიათ, მედიის, შესაბამისად – საზოგადოების, ყურადღება არქიტექტორებისკენ მიაქციოს.

„სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა იმაში, რომ არ გეხმარება. ფულზე არ არის ლაპარაკი – გამოვიდეს პრემიერი და თქვას, რომ – ვაწყობ არქიტექტორების შეკრებას, მოდით, დავილაპარაკოთ; მხარი რომ დაუჭიროს – რომ თქვენ მაგარი ტიპები ხართ, თქვენზე ვილაპარაკებ. ეს დაიწერება, გამოქვეყნდება. ვიღაცა წაიკითხავს უცხოეთში. როდესაც შენ ამაზე არ ლაპარაკობ, ეს დარგი არ ჩანს არსად“, – აცხადებს თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, მოქანდაკე ლევან სალუქვაძე.

ინტელექტუალური რესურსის ექსპორტის შესაძლებლობად საერთაშორისო ფორუმებსა თუ ბიენალეებზე მონაწილეობა განიხილება. მსგავსი

ღონისძიებებისთვის მოსამზადებლად არქიტექტორებს მოტივაცია აქვთ, მაგრამ საკმარისი ბიუჯეტი – არა. მატერიალური დახმარების მზაობას ისინი კულტურის სამინისტროსგან ელოდებიან. კულტურის სამინისტროში კი სრული ფინანსური მხარდაჭერის პირობას ვერ დებენ.

სამინისტრო არქიტექტურას პრიორიტეტულ სფეროდ მიიჩნევს და ამის დასტურად კულტურის სტრატეგიის დოკუმენტში მისი, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიის იდენტიფიცირება მოჰყავს. მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი არქიტექტორებს მოუწოდებს, დაფინანსების თხოვნით ეკონომიკის სამინისტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართონ. კულტურის სამინისტრო კი მხოლოდ თანხის ნაწილის გამოყოფისთვისაა მზად.

ხარატიშვილს მიაჩნია, რომ თუ არქიტექტორები იაქტიურებენ და საზოგადოებას კრეატიულ და ორიგინალურ ნამუშევრებს შესთავაზებენ, მათ კერძო სექტორის დაინტერესებაც არ გაუჭირდებათ. კერძო სექტორი კი, ჯერჯერობით, არქიტექტურაში ინვესტირებისგან თავს იკავებს – სავარაუდოდ, იმის გამო, რომ საკუთარ სარგებელს ვერ ხედავს.

ფოტო: Architizer.com

 

სტატია მომზადებულია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის – „კულტურა და კრეატიულობა“ – ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს უზრუნველყოს კულტურის და შემოქმედებითი სექტორების მხარდაჭერა, და ასევე ხელი შეუწყოს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მდგრად ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ამ სექტორების წვლილის გაზრდას.