ეძგვერაძის საქმე – შსს–ს მაღალჩინოსანი გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი ზუბადალაშვილი, რომელმაც ირაკლი ეძგვერაძეს, სავარაუდოდ, დაზიანებები მიაყენა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმედ დაიბარეს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი მოსამართლის წინაშე ირაკლი ეძგვერაძის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხება.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამავე საქმეზე ე.წ. ბარიგების დაკითხვას ითხოვს, ვისგანაც უშუალოდ ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირისპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გუშინწინ, გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ “არიან პოლიციელები და აკავებენ”.
შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა, ამ ვერსიის არ სჯერათ “ერთიანობის კოალიაციაში”, ფიქრობენ, რომ ეს “ოცნების” დაანონსებული შურისძიების დასაწყისია წინასაარჩევნოდ.
ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა მის მიმართ ძალას გადაამეტეს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ ოპოზიციონერის უფლებადამცველმა იზოლატორიდან გამოიტანა. ადვოკატის თქმით, ენმ-ს საკრებულოს წევრს ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები ახლაც ეტყობა.

ასევე დაგაინტერესებთ